ფონდი „ქართუ“ ფონდის მიერ სპორტსმენ უშანგი კუზანაშვილის დაჯილდოების შესახებ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას არასწორს
უწოდებს. ამის შესახებ „ქართუს“ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, ფონდი „ქართუ“, როგორც აპოლიტიკური ორგანიზაცია, თავის საქმიანობაში პოლიტიკური სარჩულით არასდროს ხელმძღვანელობდა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ფონდი დახმარებას უწევს საქართველოს საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლებს, განურჩევლად მათი მსოფლმხედველობითი და პოლიტიკური შეხედულებებისა.
„ფონდის საქველმოქმედო დახმარება მხოლოდ ამა თუ იმ პირის ქართული სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე არსებული ღვაწლისა და დამსახურების შესაბამისად გაიცემა. შესაბამისად, ფონდის მიერ დაფინანსებულ პირთა შორის თავისუფლად შეიძლება სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების ადამიანები, მათ შორის, მმართველი პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერები იხილოთ“ - ნათქვამია განცხადებაში.
ფონდის ინფორმაციით, მსოფლიოს ერთგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონი სამბოში უშანგი კუზანაშვილი სპორტული მიღწევებისთვის საქველმოქმედო დახმარებას ფონდი „ქართუდან“ 2007 წლიდან იღებს.
მათი ინფორმაციით, უშანგი კუზანაშვილი ევროპის ჩემპიონი მეხუთედ 2012 წლის 19 მაისს რუსეთში გახდა.
„ზემოხსენებული სპორტული მიღწევისთვის 28 მაისს ფონდმა „ქართუმ“ სპორტსმენის პირადი განცხადების საფუძველზე, ერთჯერადი საქველმოქმედო დახმარების სახით მას ჯილდო 10 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში გადასცა“ - აცხადებენ „ქართუს“ წარმომადგენლები.
მათივე განმარტებით, ერთჯერადი საქველმოქმედო დახმარებების გაცემა ფონდი „ქართუსთვის“ ჩვეულ პრაქტიკას წარმოადგენს.
„სრულიად აშკარაა, რომ ფონდი „ქართუს“ მისამართით გამოთქმული ბრალდებები აბსურდულია, მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს და ემსახურება მიზანს, რამენაირად ჩირქი მოსცხოს და ქართულ საქველმოქმედო ორგანიზაციას ფუნქციონირება შეაწყვეტინოს, რომლის უკან რამდენიმე ასეული საქველმოქმედო პროექტი და ათასობით ადამიანი დგას“- ნათქვამია განცხადებაში.
მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, სამბისტ კუზანაშვილისთვის „ქართუს“ მიერ თანხის გადარიცხვის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება 30 ივნისს დაიწყო.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების დაწყების საფუძველი კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურიდან მიღებული მასალა გახდა, რომელიც ფონდ „ქართუს" ანგარიშიდან პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების" წევრ უშანგი კუზანაშვილისთვის 16.292 ლარის გადაცემას შეეხებოდა.
