პარტია „ახალი მემარჯვენეები“ საარჩევნო პროგრამაში მნიშვნელოვან ყურადღებას ქართული სოფლის თემაზე გაამახვილებენ. ამის შესახებ დღეს
გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა.
მას პარტიის ერთ-ერთი მნიშვნელოვან მიღწევად სწორედ ქართული სოფლის თემის აქტუალიზაცია მიაჩნია.
„ქართულ სოფელზე ლაპარაკი საერთოდ შეწყვეტილი იყო. ვაგრძელებთ ჩვენთვის დომინანტურ თემას და უახლოესი 4 წლის განმავლობაში, პოლიტიკური საქმიანობის მნიშვნელოვან ნაწილს ქართული სოფლის გაძლიერებას, მისი გადარჩენის თემას დავუთმობთ“- განაცხადა ჩიხრაძემ.
მისივე თქმით, უკვე ყველა მიხვდა, რომ სოფლის პრობლემებზე საუბარი მნიშვნელოვანია.
„ახლა უკვე სოფლის თემას იტაცებენ ცალკე ხელისუფლება და ცალკე ივანიშვილი. ძალიან მინდა, რომ მედიაში სწორედ ეს თემები შუქდებოდეს და არა ის, რა ჩაიდინა ყოველდღიურად ძალაუფლებამ და ამას ვარჩევდეთ დაუმთავრებლად“ - განმარტა „მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა.
მისივე ინფორმაციით, მსგავსი სიტუაციები პოლიტიკურ პროცესებს აზიანებს.
