სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სახელმძღვანელოს - „პოლიტიკური დაფინანსების მონიტორინგი: მეთოდოლოგია“ პრეზენტაცია გაიმართა.
სახელმძღვანელო დეტალურად განსაზღვრავს პოლიტიკური სუბიექტების ვალდებულებებს ფინანსური გამჭვირვალობის კუთხით, ასევე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის პროცედურებს მონიტორინგის განხორციელებისას.
დოკუმენტი 3 ნაწილისგან შედგება - პირველ ნაწილი ნორმატიულ სფეროს შეეხება, მეორე და მესამე ნაწილში განმარტებულია პოლიტიკური სუბიექტების ანგარიშგების ვალდებულებები.
დოკუმენტის დახვეწის მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური საკონსულტაციო საბჭოს შექმნის, რომლის შემადგენლობაშიც სამოქალაქო საზოგადოების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შევლენ.
„სახელმძღვანელო მიზნად ისახავს პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას. ჩვენი მიზანია, პოლიტიკური ფინანსები იყოს გამჭვირვალე და პარტიები ანგარიშვალდებულნი იყვნენ საზოგადოების წინაშე. ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა საქმიანობისთვის უნდა გამოიყენოს მხოლოდ კანონიერი ფული და არ მოახდინოს ამომრჩევლის ხმაზე უკანონო ფინანსებით ზემოქმედება“- აღნიშნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მოადგილემ თინა ბოკუჩავამ.
დოკუმენტის საბოლოო ვერსია ყველა დაინტერესებულ პოლიტიკურ პარტიასა და არასამთავრობო ორგანიზაციას მიეწოდება.
