პოლიტიკურ პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობა ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.
როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციაზე განაცხადა, პოლიტიკურ პროცესებში ახალგაზრდობის ჩართულობა უნდა გააქტიურდეს.
მისი თქმით, ახალგაზრდები მუდმივად ქმნიდნენ პოლიტიკურ ამინდს საქართველოში, თუმცა, დღეს მათი აქტივობა არ არის მაღალი, რაშიც, მისივე თქმით, დღევანდელ ხელისუფლებას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის.
როგორც ივანიშვილმა განაცხადა, „ქართული ოცნებისთვის“ ახალგაზრდების დასაქმება და მათი ხელშეწყობა ერთ-ერთი პრიორიტეტია.
„ის, რომ ახალგაზრდობა პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვენლოვნად ვერ არის ჩართული, ხელისუფლების დამსახურებაა, რადგან მთელი პოლიტიკა ერთ კაცის იდეოლოგიაზეა აგებული. დღეს, ახალგაზრდებს ორიენტაცია საზღვარგარეთ გასვლაზე აქვთ აღებული, რაც წლებია გრძელდება. ჩვენთვის პრიორიტეტია ახალგაზრდების დასაქმება და დახმარება, რათა მათ საკუთარ ქვეყანაში ღირსეულად იცხოვრონ“ - განაცხადა კოალიციის ლიდერმა.
ივანიშვილმა სასტუმრო „თბილისი მარიოტი“, სადაც კონფერენცია მიმდინარეობს, უკვე დატოვა.
