კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ მიუხედავად ხელისუფლების მიერ განხორციელებული შეტევებისა, კოალიციისა და მისი ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიმართ ხალხის ნდობა სულ უფრო იზრდება.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, ივანიშვილის მიერ პოლიტიკური განცხადების გაკეთების პირველივე დღეებში განსაკუთრებული დარტყმა მიადგა ბანკ „ქართუს“ და მის მიმართ უპრეცედენტო ძალადობრივი ღონისძიებები განხორციელდა.
„სააკაშვილი ყველანაირი გზით ცდილობდა „ქართუს“ დისკრედიტაცია-გაკოტრებას, თუმცა, ვერ მოახერხა. ბანკს, რომ ვერაფერი მოუხერხეს, სააკაშვილმა საქმეში სახელმწიფო აუდიტის სამსახური ჩართო, რომელმაც „გლობალ ტვ“-ის მიერ მოსახლეობისთვის ანტენების დაყენება ივანიშვილს ამომრჩევლის მოსყიდვად ჩაუთვალა და 75 მლნ ლარის ჯარიმა დააკისრა“- განაცხადა ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ ამის შემდეგ, „ქართუ ჯგუფის“ დაყადაღებითა და ქონების გაყიდვით, სააკაშვილმა საერთაშორისო საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახა, რომ კანონსა და სამართლიანობას არაფრად აგდებს.
ფანჯიკიძის თქმით, მსგავსი მეთოდებით ბიძინა ივანიშვილის დამარცხება შეუძლებელია, რადგან მის მხარეს არის სამართალი, რომელსაც მთელი ცივილიზებული სამყარო აღიარებს.
„ამ, თითქოსდა, უთანასწორო ბრძოლაში სააკაშვილის სისუსტე და უძლურება კიდევ უფრო გამოიკვეთა, ივანიშვილის ნდობის კაპიტალი კი, სულ უფრო იზრდება. ბანკის ჩამორთმევა მის ვერც პოლიტიკურ და ვერც ფინანსურ კაპიტალს ვერ ავნებს“- აღნიშნა ფანჯიკიძემ.
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სააპელაციო სასამართლოს მიერ 2012 წლის 20 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, 26 ივნისს დააყადაღა აქციების 100%-ს სს ,,ქართუ ჯგუფში“, აქციების 100%-ს სს „ქართუ ბანკსა“ და აქციების 21.7%-ს სს „პროგრეს ბანკში“. ივანიშვილს სასამართლომ ამომრჩევლის მოსყიდვის მიზეზით დაახლოებით 75 მლნ. ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ის მიიჩნევს, რომ ჯარიმა უკანონოა და მის გადახდას არ აპირებს.
