ფიქრია ჩიხრაძე - საზოგადოებას ორი მხარის მისწრაფებას - უზომო ძალაუფლებასა და უზღვავ ფულს შორის არჩევანს სთავაზობენ
ფიქრია ჩიხრაძე - საზოგადოებას ორი მხარის მისწრაფებას - უზომო ძალაუფლებასა და უზღვავ ფულს შორის არჩევანს სთავაზობენ
13:36 09.07.2012
პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში მონოპოლიური მდგომარეობის შემნარჩუნებელ პერსონად მიიჩნევს.
როგორც ჩიხრაძემ დღეს პრესკონფენციაზე აღნიშნა, მონოპოლიები დამღუპველია არამარტო ბიზნესის, არამედ პოლიტიკისთვისაც.
მისი თქმით, პოლიტიკური მონოპოლიის ერთ-ერთი სახე 2003 წელს დაფიქსირდა, როდესაც „მოქალაქეთა კავშირის“ მრავალწლიანი მმართველობა დაემხო და სააკაშვილის ერთპიროვნული მმართველობა დაიწყო.
„სამწუხაროდ, სააკაშვილი არ ნიღბავს სურვილს, რომ მას პოლიტიკაში მონოპოლიური მდგომარეობის შენარჩუნება სურს. ამგვარი მისწრაფებები აღმოაჩნდა მსხვილი ოპოზიციური კოალიციის ლიდერს ბიძინა ივანიშვილს, რადგან მისი პირველი განაცხადიდან ჩანს, რომ მას სააკაშვილის პოლიტიკური მონოპოლიის ჩანაცვლება სურს“ - განმარტა ჩიხრაძემ.
მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნების წინ, იმის ნაცვლად, რომ არჩევანის საგანი პროგრამული ალტერნატივა და პროგრესულობა ყოფილიყო, დღეს საზოგადოებას ორი მხარის მისწრაფებას - უზომო ძალაუფლებასა და უზღვავ ფულს შორის არჩევანს სთავაზობენ.
„ასევე, მონოპოლიურადაა გადანაწილებული მედიასაშუალებები. საიდანაც, დემოკრატიული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი წინასაარჩევნო პოლიტიკური დებატების ნაცვლად, კამათს და მტრის ხატის შექნას ვხედავთ. რითაც ელექტორატს ინფორმირებული აჩევანის გაკეთების საშუალებას არ ვაძლევთ“ - განაცხადა ჩიხრაძემ.
მისივე თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციების განწყობა ქართული საზოგადოების თანხვედრია. ამიტომ, პარტიებმა 2012 წლის არჩევნებით საქართველოში მონოპოლიების აღკვეთა და მრავალპარტიული მმართველობის მიღება უნდა შეძლონ.

ბეჭდვა