„ლეიბორისტები“ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში „მდიდრების გადასახადს” დააწესებენ
„ლეიბორისტები“ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში „მდიდრების გადასახადს” დააწესებენ
13:25 09.07.2012
„ლეიბორისტული პარტია“ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ახალი გადასახადის დაწესებას გეგმავს.
როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე  განაცხადა, პარტია სპეციალურ „მდიდრების გადასახადს” შემოიღებს.

„საქართველოში გამეფებული მასობრივი სიღარიბე, უმუშევრობა, უპერსპექტივობა გამოწვეულია სახელისუფლო და მათთან შეკრული კრიმინალ-ოლიგარქთა მტაცებლური პოლიტიკით, რომლებსაც უკანონოდ მითვისებული და მონოპოლიზებული აქვთ ქვეყნის სიმდიდრე“ - აღნიშნა გუგავამ.

მისი თქმით, სოციალური სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, „მდიდართა კასტამ“ შეჭირვებულთათვის ფული უნდა გადაიხადოს.

„ამდენად, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, „ლეიბორისტული პარტია“ დააწესებს სპეციალურ „მდიდრების გადასახადს”, რომლის შესაბამისადაც, მდიდარს, რომელსაც აქვს ასიათასიანი შემოსავალი და ფლობს მილიონიან ქონებას, დაუწესდება მაღალი ბეგარა“ - განაცხადა მან.

გუგავა განმარტავს, რომ აღნიშნული გადასახადიდან ამოღებული თანხები უმუშევართა ღირსეულ კომპენსაციას და სხვა სოციალური პრობლემების მოგვარებას მოხმარდება.


ბეჭდვა