ფანჯიკიძის შეფასებით, ხელისუფლებას შპს „ბურჯთან“ მიმართებაში სისხლის სამართლებრივი გამოძიების დაწყება აქვს განზრახული
ფანჯიკიძის შეფასებით, ხელისუფლებას შპს „ბურჯთან“ მიმართებაში სისხლის სამართლებრივი გამოძიების დაწყება აქვს განზრახული
12:32 09.07.2012
შპს „ბურჯის“ დაჯარიმების საქმეში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოყენებული ტერმინი „შავი ბუღალტერია“ იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლებას განზრახული აქვს საქმე სისხლის სამართლებრივი გამოძიებისკენ წაიყვანოს.

ამის შესახებ დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „ბურჯის“ დაჯარიმების საქმე „შეთითხნილი“ იყო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ, რაც იმითაც მტკიცდება, რომ უწყებამ ყალბი დოკუმენტი შეადგინა და საქმეში ჩაამატა.

„ეს არის 1 152-ე დოკუმენტი, რათა აუდიტის სამსახურს თავისი უკანონო ქმედება გაემართლებინა. ამასთან დაკავშირებით, სამსახურმა აღნიშნა, რომ ვითომდა, ეს არის „შავი ბუღალტერია“, რაც აბსურდია“ - განაცხადა ფანჯიკიძემ.

მისივე თქმით, კოალიციას „ბურჯათან“ გაფორმებული ყველა ხელშეკრულება და ვალდებულებები შესრულებული ჰქონდა, თუმცა, იგი სასამართლომ მაინც დააჯარიმა.

„ეს არის კიდევ ერთი უკანონო საქმე, თუმცა, ამ საქმეშიც აღდგება სამართლიანობა“ -აღნიშნა ფანჯიკიძემ.

„თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 7 ივლისის დადგენილებით, შპს ,,ბურჯი” და შპს ,,მენეჯმენტ სერვისი” ცნობილ იქნენ სამართალდამრღვევებად ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა1” და ამავე ორგანული კანონის 342 მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისთვის და დაეკისრათ ჯარიმის გადახდა აკრძალული შემოწირულობის - 474 695 ლარის ხუთმაგი ოდენობის, 2 373 475 ლარის ოდენობით.

ბეჭდვა