სოზარ სუბარი: NDI-ის კვლევებს სრულ ნდობას გამოვუცხადებ მაშინ, როდესაც ეს 20%-იანი ცდომილება 1,9%-მდე ჩამოვა
სოზარ სუბარი: NDI-ის კვლევებს სრულ ნდობას გამოვუცხადებ მაშინ, როდესაც ეს 20%-იანი ცდომილება 1,9%-მდე ჩამოვა
17:12 16.01.2018

დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი NDI-ის კვლევის შედეგებს ეხმაურება.


მინისტრის შეფასებით, იმის გათვალისწინებით, რომ 10 თვეა საქართველო ვიზალიბერალიზაციით სარგებლობს, 8%-იანი კლება ისეთ სერიოზულ და სტრატეგიულ საკითხებში როგორიცაა ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება, შეუძლებელია.

“8%-იანი კლება, რამდენიმე თვეში, ისეთ სერიოზულ და სტრატეგიულ საკითხებში როგორიცაა ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება არის შეუძლებელი და წარმოუდგენელი. მით უმეტეს, რომ დაახლოებით 10 თვის წინ ამოქმედდა უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან.

მე არ გავაკეთებ NDI-ის კვლევის ცალკეულ ციფრებზე რაიმე შეფასებას. მხოლოდ ერთ რიცხვს შევაფასებ, როგორც კვლევაში წერია საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9% და ამ დროს ჩვენ გამოცდილებით ვიცით, რომ ყოველი არჩევნების შედეგებსა და NDI-ის კვლევის შედეგებს შორის დაახლოებით 20%-იანი ცდომილება გვაქვს.

ევროკავშირს რამდენი ადამიანი უჭერს მხარს და ნატო-ში გაწევრიანების მოსურნე რამდენია ამას ჩვენ ვერ გადავამოწმებთ, მაგრამ ჩვენ ვამოწმებთ არჩევნებში რომელი პარტია რამდენ პროცენტს იღებს და ყოველ არჩევნებზე არის 20%-იან ცდომილებაზე მეტი. შესაბამისად, NDI-ის კვლევებს მე სრულ ნდობას გამოვუცხადებ მაშინ, როდესაც ეს 20%-იანი ცდომილება 1,9%-იან ცდომილებამდე ჩამოვა და მანამდე აღარ გავაკეთებ კომენტარებს ამ თემაზე”-განაცხადა მინისტრმა.
გამოკითხულთა 72%-ისთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, 21%-ისთვის ეს მიუღებელია, ხოლო 7%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.

რაც შეეხება ნატო-ს, გამოკითხულთა 64% მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის გაცხადებულ მიზანს, რომ საქართველო გახდეს ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის წევრი, 26%-ისთვის ეს მიზანი მიუღებელია, ხოლო 9%-მა არ იცის კითხვაზე პასუხი

 

ბეჭდვა