ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით,
10-12 ივლისს, ბათუმში მე-9-ე საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა - ევროკავშირი და მისი ევროპელი მეზობლები“ გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, კონფერენციას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრება.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, კონფერენციაში აღმოსავლეთ ევროპის რეგიონისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაღალი თანამდებობის პირები, ევროკავშირის ინსტიტუტების ხელმძღვანელები, მათ შორის, გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულე, ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ვილფრედ მარტენსი, ასევე, მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ ფილატი მიიღებენ მონაწილეობას.
კონფერენცია ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლოში ევროინტეგრაციის პროცესის პერსპექტივებს, მათ შორის, დემოკრატიულ რეფორმებსა და კანონის უზენაესობის საკითხებს, გლობალური და რეგიონალური უსაფრთხოების გამოწვევებს, ევროკავშირთან ეკონომიკურ თანამშრომლობასა და ხალხთა შორის კავშირებს ეძღვნება.
კონფერენციაზე ოთხი თემატური სესია - დემოკრატიული რეფორმები და კანონის უზენაესობა, გლობალური უსაფრთხოების გამოწვევები, ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობები და ხალხთა შორის კონტაქტები იმუშავებს.
