ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე დღეს საქართველოს შესახებ რეზოლუციას დაამტკიცებენ.
რეზოლუციას - „საქართველოში არსებული მდგომარეობა“ კენჭს რიგით 21-ე სხდომაზე უყრიან.
რეზოლუციის ტექსტი პოლონელმა დეპუტატმა მოამზადა. დოკუმენტში ხაზგასმით ჩაიწერა სიტყვა ოკუპაცია, რომელიც მისმა ავტორმა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან მიმართებაში გამოიყენა.
დოკუმენტში საუბარია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დევნილების დაბრუნებასა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებული ხელშეკრულების შესრულებაზე.
გუშინ რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა პოლონელი დეპუტატის მიერ მომზადებულ რეზოლუციას არაობიექტური უწოდა, უცხოელმა კოლეგებმა კი - მას შეუსრულებელი ვალდებულებები და 2008 წელს განხორციელებული ეთნოწმენდა შეახსენეს.
„საქართველო პატარა ქვეყანაა და მას 300 000 დევნილი ჰყავს. ეს დიდი რიცხვია. ამიტომ მნიშვნელოვანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე სადამკვირვებლო მისიების შესვლა. ეს გათვალისწინებული იყო „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ ხელშეკრულებითაც, რომელიც დღემდე არ სრულდება. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია მხარდაჭერილი იყოს საქართველოს პროგრესი“ - განაცხადა ასამბლეაზე საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი კანდელაკმა და დასძინა, რომ ეს დამატებითი სტიმული იქნება რეფორმების გასაგრძელებლად და გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა კიდევ ერთხელ აფიქსირებს საკუთარ პოზიციას და აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს. ამასთან, ეუთოში მიიჩნევენ, რომ ჟენევის მოლაპარაკებები უფრო აქტიურ ფაზაში უნდა გადავიდეს.
