ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მმართველი გუნდი
საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნებულია.
სოფო კილაძის განცხადებით, თუ საკითხზე პრეზიდენტი ვეტოს გამოიყენებს ჩნდება ეჭვი, რომ ასეთი სიხშირით ვეტოს გამოყენება მის პოლიტიკურ დღის წესრიგს არ გავს. კომიტეტის თავმჯდომარე დასძენს, რომ მმართველი გუნდი საჭიროების შემთხვევაში, ვეტოს დაძლევს.
„ცოტა საკვირველია ვეტოს გამოყენების ასეთი სიხშირე, რაც ძალიან დიდ ეჭვებს მიჩენს მე პირადად, რომ ის თავისი პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებს. ჩვენ როდესაც მივიღეთ გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ მხარს ვუჭერდით საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირებას და მის განვითარება-გაძლიერებას, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიყავით ამ გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნებული და რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად მივიღებთ შემდგომ გადაწყვეტილებას და დავძლევთ ამ ვეტოს თუ ის იქნა გამოყენებული,“-განაცხადა სოფიო კილაძემ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ვეტოს შესაძლო გამოყენებაზე 15 იანვარს უნდა მიიღოს. პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონი 22 დეკემბერს დაამტკიცა. ცვლილებების მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დასაშვები ხდება კომერციული რეკლამის განთავსება სამუშაო დღეებში.
