საქართველო მზადაა რუსეთში, კრასნოდარის მხარეში ჰუმანიტარული დახმარება და სამაშველო ბრიგადები გაგზავნოს. ამის შესახებ განცხადება საქართველოს
პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გააკეთა.
"უპირველესად, მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა იმ ტრაგედიის გამო, რომელიც რუსეთში, კერძოდ კრასნოდარის მხარეში დატრიალდა და პრეზიდენტის სახელით მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“ - განაცხადა მანჯგალაძემ.
მისი განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, ქართული სამაშველო ჯგუფები უკვე სრულ მზადყოფნაში არიან იმისათვის, რომ გაემგზავრონ ჰაერით ან ზღვით, მიიღონ მონაწილეობა სამაშველო სამუშაოებში, რომლებიც უკვე მიმდინარეობს სტიქიური უბედურების ზონებში.
„ქართული მხარე მზად არის გაგზავნოს ჰუმანიტარული დახმარება. შესაბამისი ინსტრუქციები უკვე მიღებული აქვს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ისე საგარეო უწყებას "- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა.
კრასნოდარის მხარეში ძლიერი წყალდიდობის შედეგად 134 ადამიანი დაიღუპა, 12 ათას 71 დაზარალდა.
კოკისპირული წვიმის შედეგად 6 ივლისს ქალაქები გელენჯიკი, კრიმსკი, ნოვოროსიისკი და დასახლებული პუნქტები დივნომორსკი, ნიჟნებაკანსკაია, ნებერჟაევსკაია და კაბარდინკა დაიტბორა, წყალი შევიდა 5 ათასზე მეტ საცხოვრებელ სახლში, მოშლილია ენერგომომარაგების, გაზისა და წყალმომარაგების სისტემები.
