პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას განცხადებით, ვიზა-ლიბერალიზაციის
გეგმის რეფორმათა 60% შინაგან საქმეთა სამინისტროზე მოდიოდა - შესაბამისად, სამინისტროს დანახარჯებიც საჭირო და შედეგიანი იყო.
"ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესში რეფორმების 60% შინაგან საქმეთა სამინისტროზე მოდიოდა. ევროკავშირის დადებითი დასკვნა დიდად იყო დამოკიდებული ამ რეფორმების წარმატებაზე, მინისტრის ვიზიტებზე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გაფართოებაზე - შესაბამისად, სამინისტროს დანახარჯებიც საჭირო და შედეგიანი იყო. ვთვლი, რომ სატელევიზიო სიუჟეტი შსს-ს აუდიტორული შემოწმების თემაზე მიკერძოებულად და არაობიექტურად გაკეთდა", განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა, რომელიც 29 დეკემბერს გამოქვეყნდა. დოკუმენტი 2016 წლის 31 დეკემბრამდე არსებულ ვითარებას ეხება. შსს-ს შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე 6 მილიონი ლარი დაიხარჯა.
