კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას მხარი დაუჭირეს
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას მხარი დაუჭირეს
18:48 20.12.2017
იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში, ექვსი სამინისტროს პირველ პირს მოუსმინეს.
სამომავლო საქმიანობის პრეზენტაცია პირველად, შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი გახარიამ წარმოადგინა. მან უწყების რეფორმირების კონცეპტუალურ ხედვებზე ისაუბრა და სამინისტროს წინაშე არსებულ გამოწვევებზეც გაამახვილა ყურადღება.
„დღეს ჩვენი მიზანი ქვეყანაში მართლწესრიგის დაცვა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გარანტიების შექმნაა. ამავდროულად, ამ მიზანს თან უნდა ახლდეს ნდობის აღდგენა მოქალაქესა და სამართალდამცავ ორგანოს შორის. აღნიშნული მიზნის მისაღწევად ჩვენი პოლიტიკა იქნება მკაცრი, მაგრამ სამართლიანი და იმედიგვაქვს, რომ ამ პოზიციაში ჩვენი საზოგადოება იქნება სამართალდამცავი ორგანოების გვერდით. დღეის მდგომარეობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თავისი ფუნდამენტური გამოწვევების გარდა, როგორიც არის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა, უსაფრთხოების გარანტიები, საზღვრის დაცვა, აქვს ახალი გამოწვევები: ადამიანის უფლებებზე ზრუნვა, პრევენციაზე ორიენტირებული საპოლიციო მართლმსაჯულება, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია რეფორმები კრიმინალური პოლიციის სისტემაში და საზღვრის დაცვის მიმართულებით, ასევე, შემდგომი ნაბიჯის გადადგმა საპატრულო პოლიციის რეფორმირებაში. ჩვენ კარგად გვესმის, რომ გამართული და პოლიტიკურად დამოუკიდებელი საპოლიციო სისტემის გარეშე არ არსებობსშინაგან საქმეთა სამინისტროს წარმატება”, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მინისტრობის კანდიდატმა უწყების რეფორმირების ნაწილში განსაკუთრებული ყურადღება, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ახალი დეპარტამენტის შექმნის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ გამოწვევები საკმაოდ მაღალია, შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ცენტრალური აპარატში შევქმნათ დამატებითი დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ფუნქცია იქნება ადამიანის უფლებების მიმართულებით მუშაობა. ვფიქრობთ, რომ ეს დეპარტამენტი იქნება დროებითი, სანამ მთლიანად არ დასრულდება შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში საგამოძიებო კომპონენტის საბოლოო დახვეწა და რეფორმირება. ეს სპეციალური სტრუქტურა იზრუნებს ისეთი სახის დანაშაულზე, როგორიც არის ქალთა მიმართ ძალადობა, არასრულწლოვნების დანაშაული და ა.შ. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ბოლო პერიოდის განმავლობაში საზოგადოება აღმოჩნდა ასეთი გამოწვევების წინაშე, რამაც დაგვანახა, რომ ამ მიმართულებით გვაქვს პრობლემა“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
ათ ძირითად მიღწევასა და უკვე მიღებულ შედეგებზე გაამახვილა ყურადღება, თავის გამოსვლაში, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან იზორიამ. მისი გამოსვლის ძირითადი მიმართულებები ნატოსთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან საერთაშორისო თანამშრომლობის, პარლამენტარების აქტიური თანამონაწილეობით სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების, მომავალი წლიდან თავდაცვის მზადყოფნის ამბიციური პროგრამის, საგარეო სამხედრო დაფინანსების, საქართველოში გამართული მრავალეროვნული საერთაშორისო წვრთნების, ტოტალური თავდაცვის კონცეფციის და სოციალური მიმართულებების შეაჯამა წარმოადგენდა.
„ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი წარმატება ანტისატანკო სისტემის „ჯაველინების“ შესყიდვის თვალსაზრისით. მიმდინარე წლის 29 მარტს, მქონდა პატივი და მივმართე წერილობით აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტს. საჯაროდ, ამ გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი გახდა ნოემბერში. პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული და მინდა დღეს პირველად გამცნოთ, რომ გუშინ, კონგრესმა მიიღო დადებითი გადაწყვეტილება. მე ხელთ მაქვს გადაწყვეტილების ორიგინალი, ასე რომ, საბოლოოდ მიღებულია გადაწყვეტილება.
ეს არის იმ რეფორმების აღიარება, რომელიც თავდაცვის უწყებაში განხორციელდა. ეს იყო ერთ-ერთი წინაპირობა სწორედ ამ სისტემის გადმოცემისთვის. ეს მთელი სახელმწიფოს მიღწევაა და მინდა მოგილოცოთ ეს გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ იქნა მიღებული“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

მანვე ანტისაჰაერო სისტემებით საქართველოს აღჭურვის და საფრანგეთიდან შეძენილი სამხედრო ტექნიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ეს ტექნიკური აღჭურვილობა შევიძინეთ და უკვე საქართველოშია. აქედან გამომდინარე, ჩვენ პირველი ფაზის ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი საჰაერო სივრცე იყოს მეტად დაცული დაგვაქვს მზაობა, რომ მეორე ფაზა ფრანგ კოლეგებთან ერთად გავაგრძელოთ“ - აღნიშნა მინისტრობის კანდიდატმა.

ლევან იზორიამ ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, ერთობლივ წვრთნებსა და ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის კუთხით გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. აღნიშნული საკითხების წარდგენისას, მომხსენებელმა ყურადღება თავდაცვის სამინისტროს დაფინანსების გაზრდაზე, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის მექანიზმებზე, ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის გააქტიურების გზაზე არსებული მიღწევებზე გაამახვილა. მანვე პარლამენტის შესაბამის კომიტეტთან არსებული თანამშრომლობის შედეგები მიმოიხილა და ერთობლივად მომზადებულ კონცეპტუალურ დოკუმენტებზე ისაუბრა.

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის ძირითად პრიორიტეტებზე და მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღაზე ისაუბრა, მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა.

„ჩვენი პრიორიტეტები იყო და იქნება მომავალში ის, რაც აძლიერებს სახელმწიფოს საერთაშორისო ასპარეზზე თუ ქვეყნის შიგნით. ეს არის ახალი კანონები, განვითარება, ინსტიტუციური დემოკრატიის კანონებით მშენებლობები. ეს ემსახურება იმას, რომ სახელმწიფო იყოს ხალხთან ახლოს. ასევე საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ინტერესების დაცვა, მათ შორის, სახელმწიფოთა შორის დავებზე სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ. ჰააგის გამოძიება, რათა აგვისტოს ომის საქმეზე ჩვენ ვაჩვენოთ, რომ ჩატარდა ეთნიკური წმენდა და ჩვენ წინააღმდეგ ჩადენილ იქნა სხვა დანაშაულები. ასევე,მრავალი სხვა ის რეფორმა, რაც შეიძლება ჩაითვალოს, რომ არის მეორე პლანზე, მაგრამ სინამდვილეში მოქალაქისთვის პირველ პლანზეა - იქნება ეს ნოტარიატი,სასამართლო გადაწყვეტილებების სწრაფი აღსრულება და მრავალი სხვა, თუნდაც, ყოფილი პატიმრებისთვის გრანტების პროგრამების გაგრძელება, რათა მათ შეძლონ, ფეხზე დადგნენ ფინანსურად და საკუთარი ოჯახი არჩინონ“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ეტაპზე საუბრისას, იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, ყურადღება კომერციული პალატების შექმნაზე გაამახვილა და საერთო სასამართლოების შიდა სისტემაში მისი დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ჩვენ ვმუშაობთ ინვესტორთა საბჭოსთან, ევროპულ ბანკსა და სხვა დონორებთან ერთად იმისათვის, რომ ჩვენ ევროპული სტანდარტის კომერციული პალატები გვქონდეს და ბიზნესსექტორს მიეცეს ბიზნეს დავების სწრაფად და ეფექტურად გადაწყვეტის საშუალება“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მსჯავრდებულთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უპრეცედენტო პროექტის განხორციელებაზე ისაუბრა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატმა, კახა კახიშვილმა. მისი განცხადებით, უწყება ახალი მექანიზმის შემოღებაზე მუშაობს, რომლის თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებაში დასაქმებულ მსჯავრდებულს, სამუშაო დღეების შესაბამისად, მოსახდელი სასჯელის ვადა შეუმცირდება.

„ეს იქნება რევოლუციური საკანონმდებლო ცვლილება, რომელსაც 2018 წელს წარმოვადგენთ და რომელიც შეეხება მსჯავრდებულისთვის სასჯელის შემცირებას, თუ ის იმუშავებს - ერთი სამუშაო დღე, მინუს ერთი დღე პატიმრობა. ამით, მსჯავრდებულს მიეცემა საშუალება იმუშაოს და შესაბამისი ფორმულით შეიმციროს საპატიმრო ვადა. ეს იქნება სტიმული იმისა, რომ მათ უფრო მეტად იფიქრონ დასაქმებაზე, შეიმცირონ სასჯელი და არ იფიქრონ კრიმინალურ მენტალიტეტსა და მათ ადათ-წესებზე. მსჯავრდებულს უნდა შესთავაზო სხვა, ალტერნატიული გზა, იმისთვის, რომ ის გათავისუფლდეს კრიმინალური გავლენებისგან. დასაქმების პროგრამა არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი პენიტენციურ დაწესებულებებში. ადამიანი, რომელიც თავისუფლების აღკვეთის პირობებში იმყოფება, მას უნდა შეთავაზო ალტერნატივა, რომ დაკავებული იყოს სხვადასხვა საქმიანობით - ერთი, ეს არის განათლება, როგორც უმაღლესი, ასევე პროფესიული, მეორე - დასაქმება. ამიტომ, მუდმივად ვცდილობთ სამუშაო კერები შევქნათ დაწესებულებებში. ხელისუფლების მხარდაჭერით, უკვე გვყავს 600-მდე დასაქმებული მსჯავრდებული, რომელიც ანაზღაურებას იღებს“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

მისივე შეფასებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო იზოლაციის ფუნქციიდან რესოციალიზაცია-რეაბილიტაციაზე ორიენტირებულ სისტემად გარდაიქმნა. შესაბამისად, ჩამოყალიბდა განვითარების სტრატეგია, რომელიც ერთის მხრივ, პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებების დაცვას, ხოლო მეორეს მხრივ, სარეჟიმო პირობების დაცვას უზრუნველყოფს. მისი თქმით, სისტემა წარმატებით აგრძელებს განვითარებას და არა ერთ ნოვაციურ პროექტს ნერგავს.

სამშვიდობო პოლიტიკის პრიორიტეტებსა და კონფლიქტების მოგვარების სამშვიდობო ფორმატებზე ისაუბრა სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა ქეთევან ციხელაშვილმა. მისი განცხადებით, კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით საქართველოს ხელისუფლებას მშვიდობიანი, მწყობრი, პრაგმატული და პრინციპული პოლიტიკა გააჩნია, რომელიც ქვეყნის გამთლიანებასა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

„არსებული სიტუაცია არც ქართველების, არც ოსებისა და არც აფხაზების ინტერესებში არაა, სწორედ ამიტომ, ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში ჩვენ ვდგამთ მათი საჭიროებების და ინტერესების თანმხვედრ ნაბიჯებს. ჯანდაცვის და განათლების მიმართულებებით მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯები გადავდგით, ასევე აღსანიშნავია დახმარება, რომელიც სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, გარემოს და მცენარეთა დაცვის მიმართულებით გავწიეთ“, - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა. მანვე გამყოფი ხაზების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის დახმარების პროგრამებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში, განსაკუთრებით პრიორიტეტულია იმ ადამიანებზე ზრუნვა, ვისთვისაც მიმდინარე ოკუპაცია და გადაუჭრელი კონფლიქტი ყოველდღიურ გამოწვევას წარმოადგენს.

„საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გვერდში დაუდგეს იმ ადამიანებს, რომლებიც გამოწვევებს მართლაც გმირულად, მოთმინებით უმკლავდებიან.
ჩვენ შევიმუშავეთ ახალი, კონკრეტული ინიციატივები და წინადადებები გამყოფ ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებისა და ინტერესებისათვის. საუბარია გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის წახალისებაზე, განათლების ხელმისაწვდომობის ზრდასა და იმ სიკეთეებზე წვდომაზე,რომელთაც ჩვენი სახელმწიფო ქმნის“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, ბოლო მოხსენებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრობის კანდიდატი, სოზარ სუბარი წარსდგა, იძულებით გადაადგილებულ პირთათვის შემუშავებულ სახელმწიფო პროგრამებსა და პროექტებზე ისაუბრა. მინისტრობის კანდიდატების გამოსვლების შემდეგ, სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. კომიტეტის წევრებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე დამატებითი ინფორმაცია მოისმინეს.

სამთავრობო გუნდისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე გამართული საკომიტეტო მოსმენა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ შეაჯამა.

„დღევანდელი საკომიტეტო მოსმენა, ვფიქრობ, იყო საინტერესო იმისთვის, ვინც უსმენდა და ვისაც აინტერესებდა და ასეთი ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე მეგულება, რომელსაც ნამდვილად აინტერესებს ის ხედვა, რომელიც აქვს მთავრობის განახლებულ შემადგენლობას. ვფიქრობ, ძალიან საყურადღებოა ყველა გამოსვლაში ის აქცენტები, რომელიც გვიჩვენებს მთავრობის განახლებული შემადგენლობის ახალი ხედვას. შეფასება არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ დავინახოთ ტენდენციები, სად ვიყავით და სად მივდივართ და ახლა სად ვართ, ამიტომ ასეთ ობიექტურ შეფასებებს აქვს უაღრესად დიდი მნიშვნელობა იმისთვის, რომ სწორად დაიგეგმოს შემდგომი ნაბიჯები და ის რეფორმები, რომლებიც დაწყებულია 2013 წლიდან, გრძელდება და ხელშესახები შედეგები აქვს.
ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ძალიან ღიად, როგორც ამ რეალობაზე, რაც გვაქვს და რაც არის უდავოდ დიდი პროგრესი, დემოკრატიის კუთხით, ადამიანის უფლებების და თავისუფლების კუთხით, კანონმდებლობის ჰუმანურობისა და ლიბერალიზაციის კუთხით. ასევე, კარგად ვხედავთ იმ ძალიან საინტერესო ნაბიჯებს, რომლებიც რეფორმების კუთხით ამ უწყებებში იგეგმება. ბუნებრივია, ჩვენთვის იყო საინტერესო“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

სხდომის დასასრულს, ცალკეულმა კომიტეტებმა ფარულ რეჟიმში, სამთავრობო პროგრამას და მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს, კენჭი უყარეს. შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი - 13 მომხრე, 1 წინააღმდეგი;
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი - 11 მომხრე, 1 წინააღმდეგი;
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი - 11 მომხრე, 2 წინააღმდეგი;
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი - 8 მომხრე.

ბეჭდვა