განვითარების კვლევითი ინსტიტუტი სამთავრობო ცვლილებების შესახებ კანონში პოლიტიკურ საფრთხეებს ხედავს
განვითარების კვლევითი ინსტიტუტი სამთავრობო ცვლილებების შესახებ კანონში პოლიტიკურ საფრთხეებს ხედავს
10:35 07.07.2012
საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს პოლიტიკური საფრთხეების შემცველად მიიჩნევს.  ამის შესახებ განვითარების კვლევითი ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, აღნიშნულ კანონში 5 ივლისს შეტანილი ცვლილებები დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს, ასევე საქართველოს კონსტიტუციის 78-ე, მე-80 მუხლებს ეწინააღმდეგება და პოლიტიკურ საფრთხეებს შეიცავს.
განვითარების ინსტიტუტის ინფორმაციით, პრემიერის კომპეტენციის ფარგლებში, ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი-ბრძანების გამოცემა მის მიერვე განსაზღვრულ ნებისმიერ პირს შეეძლება.
„ასეთი ფართო უფლებამოსილებები შეიძლება განახორციელოს პირმა, რომელსაც ხალხის მიერ უშუალოდ არჩეულ პარლამენტთან არავითარი შეხების წერტილი არ გააჩნია. სწორედ აქ წყდება ლეგიტიმაციის ჯაჭვი, რაც დემოკრატიის პრინციპს არღვევს“ - ნათქვამია განცხადებაში.
განვითარების კვლევით ინსტიტუტში მიაჩნიათ, რომ აღნიშნული ცვლილება ასევე, კონსტიტუციის მე-80 მუხლის არამართლზომიერ გვერდის ავლას წარმოადგენს.
„ცვლილება პოლიტიკურ საფრთხეებსაც შეიცავს. პრემიერ-მინისტრს თავისუფლად შეუძლია მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ბრძანების გამოცემის უფლებამოსილების დელეგირება სხვა პირებზე მოახდინოს და ამით საკუთარი პასუხისმგებლობა, როგორც პოლიტიკური, ასევე სამართლებრივი, საერთოდ მოიხსნას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს ცვლილება იმის საშუალებას იძლევა, რომ პრემიერმა “შავი სამუშაო” სხვებს შეასრულებინოს, თავად კი პასუხისმგებლობა თავიდან აირიდოს“ - აღნიშნულია ინსტიტუტის განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, ასევე პრობლემურია, რომ პრემიერ-მინისტრს შეუძლია მის მიერ განსაზღვრულ ნებისმიერ პირს საკუთარი უფლებები გადასცეს, რომელიც რეგიონული პოლიტიკის განხორციელებისა და თვითმმართველობის ორგანოებთან მთავრობის ურთიერთობის კოორდინაციას შეეხება.
„პრემიერ-მინისტრისთვის კოორდინაციის უფლებამოსილების მინიჭებით ამ საკითხის მნიშვნელობის მაღალი დონეა ხაზგასმული, ხოლო მისი დელეგირება უფრო დაბალი რანგის პირზე, აშკარად ამცირებს საკითხის მნიშვნელობას და თვით კოორდინაციის განხორციელების შესაძლებლობას უქმნის საფრთხეს“- ნათქვამია განცხადებაში.
ინსტიტუტის პოზიციით, სამთავრობო გადაწყვეტილებების მიღების წესის რეგლამენტით მოწესრიგება, მთავრობაზე პარლამენტის კონტროლის ფუნქციებს აკნინებს. ამასთანავე, მთავრობას შეუძლია რეგლამენტის მიღებისას კვორუმი არ განსაზღვროს და სამართლებრივი აქტის გამოცემის უფლებამოსილება დამსწრეთა უმრავლესობას მიანიჭოს.



ბეჭდვა