დღეს მოძრაობა „თეთრების“ კონგრესი გაიმართება
დღეს მოძრაობა „თეთრების“ კონგრესი გაიმართება
09:17 07.07.2012
დღეს პოლიტიკური მოძრაობა „თეთრების“ კონგრესი გაიმართება, სადაც პროგრამას - „საქართველო ხვალ“ განიხილავენ.

„თეთრების“ ლიდერის თემურ შაშიაშვილის განცხადებით, დღესდღეობით, პოლიტიკური ძალების განხილვის მთავარი თემა საქართველოს მომავალი უნდა იყოს.

„ძალიან ვაფასებთ იმას, რომ ყველა პარტიამ, ვისაც კონგრესში მონაწილეობის შესახებ წინადადებით მივმართეთ, გულისხმიერება გამოიჩინა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, კონგრესის მსვლელობაში პოლიტიკურ პარტიათა ლიდერები ნინო ბურჯანაძე, კახა კუკავა, აკაკი ასათიანი და ჯონდი ბაღათურია მიიღებენ მონაწილეობას“ - აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

მისივე ინფორმაციით, კონგრესს „სახალხო კრების“ წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

შაშიაშვილის განცხადებით, საჭიროა პოლიტიკურ ძალთა ალიანსის შექმნა, რომელიც მხოლოდ საქართველოს და მის მოსახლეობას მოემსახურება.

„საჭიროა, შეიქმნას პოლიტიკური ერთობა, რომლის მთავარი სამიზნე სააკაშვილის რეჟიმი იქნება და რომელიც ამ რეჟიმის წინააღმდეგ ერთიანი ფრონტის შექმნის შესახებ „სახალხო კრების“ ინიციატივას დაუჭერს მხარს, არ დაუპირისპირდება ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ შეეცდება საქართველოს პარლამენტში რაც შეიძლება ნაკლები ულტრალიბერალი შევიდეს“ - აცხადებს შაშიაშვილი.

„თეთრების“ კონგრესი სასტუმრო „რედისონში“ ჩატარდება, სადაც მედიის წარმომადგენლებისთვის ყოველ 20 წუთში ერთხელ ბრიფინგი გაიმართება.

ბეჭდვა