გიორგი ახვლედიანი - რუსეთის მხრიდან შემოდგომაზე დიდი საფრთხეები არსებობს
გიორგი ახვლედიანი - რუსეთის მხრიდან შემოდგომაზე დიდი საფრთხეები არსებობს
18:48 06.07.2012
საპარლამენტო ფრაქცია „ქრისტიან–დემოკრატების“ თავმჯდომარის გიორგი ახვლედიანის   შეფასებით, რუსეთის მხრიდან შემოდგომაზე დიდი საფრთხე არსებობს.

როგორც „ნიუსპრესს“ ახვლედიანმა განუცხადა, საქართველოს დიდი გამოცდილება აქვს რუსეთის ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების კუთხით.

„2008 წელს ჩრდილოეთ კავკასიაში გამართული წვრთნები იყო წინაპირობა იმისა, რაც ამავე წლის აგვისტოში ქართულ-რუსული კონფლიქტის დროს მოხდა. მაშინაც რუსეთისთვის ხელსაყრელი პირობები იყო იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო პარტნიორი, ამერიკა შიდა საკითხებით, საპრეზიდენტო არჩევნებით იყო დაკავებული. 4 წლის შემდეგაც იგივე ვითრებაა. აშშ-ს ყურადღება საგარეო ფაქტორებსა და პრიორიტეტებზე სუსტდება, რადგან მთელი ქვეყანა საარჩევნო კამპანიის პირობებში თავის პრობლემებზეა გადართული“ – განაცხადა ახვლედიანმა.

მისივე შეფასებით, 2008 წელთან შედარებით, დღეისთვის საფრთხები გაზრდილია, რადგან რუსეთი სამხედრო წვრთნა „კავკასია 2012-ს“ ატარებს, რასაც აფხაზეთსა და ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიებზე „გადატენილი რუსული ბაზები“ ემატება.

ახვლედიანის თქმით, აუცილებლად გასათვალისწინებელია, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები, კერძოდ, მისივე თქმით, დასავლეთის ჩარევით ქვეყნებში პოლიტიკური რეჟიმების შეცვლა. რასაც, დეპუტატის აზრით, რუსეთი სამომავლო ქმედებებისთვის თავის სასარგებლოდ გამოიყენებს. ამ რეალობიდან გამომდინარე კი, ახვლედიანი მიიჩნევს, რომ შემოდგომაზე დიდი საფრთხეები არსებობს.

ბეჭდვა