პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი სპორტსმენებს მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ
სააკაშვილის მხარდამჭერებს გაუგონ.
როგორც მან დღეს სპორტსმენებთან შეხვედრისას აღნიშნა, სააკაშვილის მომხრეები რეალურად, მათზე ცუდ დღეში არიან.
მისი თქმით, მათ რიგებში ძალიან ბევრია ისეთი, რომელთაც სამშობლოც უყვართ და ყველაფერი აქვთ.
„ძალიან ბევრი, ვინც დღეს სააკაშვილის მომხრეებად მოიხსენიება, შეიძლება თქვენზე უარეს დღეშია. შეიძლება ფინანსურად უკეთესი მდგომარეობა აქვთ, მაგრამ ისეთი ვითარება შექმნეს, რომლის გარღვევა ძალიან ძნელია. ამას მხოლოდ ვაჟკაცები ახერხებენ. ბევრმა მოჭიდავემ მოახერხა ეს და წამოვიდნენ, მაგრამ ამისთვის თითოეულს დიდი ბრძოლა დასჭირდა“ – აღნიშნა ივანიშვილმა.
მისი თქმით, ყველა გაგებით უნდა მოეკიდოს სააკაშვილის მომხრეების საკითხს, რადგან ისინიც მათი ძმები და საქართველოს მოქალაქეები არიან. ერთეულების გარდა, მათ პასუხი არ უნდა მოეთხოვოს.
მისივე განცხადებით, კოალიციის მხრიდან პოლიტიკური დევნა არ უნდა განხორციელდეს, თუმცა, კანონდამრღვევებს კანონის წინაშე პასუხისგება მოუწევს.
