„ქართულ ოცნებაში“ ევროპარლამენტში გამართულ დებატებს საქართველოსთვის მნიშვნელოვან წარმატებად მიიჩნევენ
„ქართულ ოცნებაში“ ევროპარლამენტში გამართულ დებატებს საქართველოსთვის მნიშვნელოვან წარმატებად მიიჩნევენ
17:16 06.07.2012
კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ 4 ივლისს ევროპის პარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართული დებატები ქვეყნისთვის  უმნიშვნელოვანესი წარმატება იყო.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, ევროპარლამენტში დებატებს ისტერიულად ეწინააღმდეგებოდა „ნაციონალური მოძრაობა“, თუმცა, დებატები მაინც შედგა და ევროპის ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დაუშვებელია მედიის მონოპოლიზაცია, პოლიტიკური ნიშნით ხალხის დაპატიმრება, ივანიშვილის და მისი პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ სახელმწიფოს ადმინისტრაციული და საკანონმდებლო რესურსების გამოყენება და სხვა.

როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, ევროპარლამენტში საკითხი ეხებოდა სირიაში, ეგვიპტესა და საქართველოში არსებულ მდგომარეობას, რაც იმას ნიშნავს, რომ „საქმე მართლაც სერიოზულადაა“.

ხიდაშელის თქმით, ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომლის მხრიდანაც ბრალდებები ისმოდა კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, ევროპის სახალხო პარტია იყო.

ხიდაშელის განმარტებით, ეს ის პარტიაა, რომლის წევრიც „ნაციონალური მოძრაობაა“.

„ევროპარლამენტის ყველა ფრაქციამ, გარდა სახალხო პარტიისა, ისაუბრა კონკრეტულ პრობლემებზე. მნიშვნელოვანი განცხადება იყო ის, რაც გააკეთა ევროპარლამენტარმა კრისტიან ვიგენინმა. მან მიმართა ევროპის საბჭოს და განაცხადა, რომ დღეს არის მოქმედების დრო, რადგან არჩევნების დღეს გვიან იქნება“ - განაცხადა ხიდაშელმა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი განცხადება გაკეთდა ინგლისელი კონსერვატორის რიჩარდ ჰუიკის მხრიდანაც.

ხიდაშელის თქმით, მან მიმართა ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლებს და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ბათუმში დაგეგმილი კონფერენცია შეახსენა.

„მინდა მივმართო ჩემს კოლეგებს ევროპის პარტიიდან. როგორც ჩემთვის ცნობილია, თქვენ პარტიას მომავალ კვირას ბათუმში დაგეგმილი აქვს კონფერენცია, რომლის მიზანია დაეხმაროს სააკაშვილის პარტიას. ამ პარლამენტში კი, ჩვენი როლია ხელი შევუწყოთ დემოკრატიის განვითარებას“ - აღნიშნა რიჩარდ ჰუიკმა დებატებისას.

თინა ხიდაშელის თქმით, ევროპარლამენტში იყო სხვა ტიპის განხილვებიც, სადაც გაისმა ბრალდებები რუსული ფულის, „გაზპრომში“ ბიძინა ივანიშვილის წილის და მსგავსი არარსებული ამბების შესახებ, თუმცა, ხიდაშელის განმარტებით, აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა ეს გამოსვლა ეკუთვნოდა მხოლოდ „ევროპის სახალხო პარტიის“ წარმომადგენლებს და გარკვეულმა ტელეარხებმა ქართულ საზოგადოებას სიმართლის დიდი ნაწილი დაუმალეს.

„ქართული ოცნების“ ოფისში პრესკონფერენციაზე ევროპარლამენტში გამართული დებატების ვიდეომასალაც უჩვენეს. როგორც კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლება და მისი ლობისტები ქვეყნის საზიანო ქმედებებს ახორციელებენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, დებატები შედგა და საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი საკითხებიც გამოიკვეთა.

„ქართულ ოცნებაში“ აღნიშნავენ, რომ მათი ამოცანაა ევროპარლამენტის ყველა წევრს მიაწოდონ ობიექტური ინფორმაცია და არავის მისცენ საშუალება ევროპარლამენტს ყალბი მასალები წარუდგინონ.

ბეჭდვა