ბაქრაძე - პატრიარქის მოღვაწეობასა და საქმინობას საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს
ბაქრაძე - პატრიარქის მოღვაწეობასა და საქმინობას საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს
16:12 06.07.2012
კათოლიკოს-პატრიარქის მოღვაწეობასა და საქმინობას საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამის შესახებ პარლამენტის  თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ პარლამენტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს დაბადების 80 და აღსაყდრებიდან 35 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების საორგანიზაციო კომისიის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„კომისიის მუშაობის მიზანია ქართული სახელმწიფო და საზოგადოება ღირსეულად შეხვდეს და აღნიშნოს ის უმნიშვნელოვანესი თარიღი, რომელსაც მისი უწმინდესობის აღსაყდრების 35 წლისთავი და დაბადებიდან 80 წლისთავი წარმოადგენს“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ბაქრაძის თქმით, სწორედ ამიტომ შეიქმნა კომისია, სადაც სახელმწიფო და საპარტიარქო იმსჯელებენ ყველა იმ ღონისძიებაზე, რომელიც გაწერილი იქნება მთელი წლის განმვალობაში.
„მისი უწმინდესობა არის ჩვენი ერის სულიერი მამა და მის მოღვაწეობასა და საქმიანობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, ქართული სახელმწიფოსთვის“ – აცხადებს დავით ბაქრაძე.
დღეს პარლამენტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს დაბადების 80 და აღსაყდრებიდან 35 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების საორგანიზაციო კომისიის პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საპატრიარქოს წარმომადგენლები, პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი გიგი უგულავა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკა რურუა, დევნილთა ყოფილი მინისტრი კობა სუბელიანი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია და ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე ესწრებოდნენ.

ბეჭდვა