საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში
სომხეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან რუბენ სადოიანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა მიულოცა სომეხ დიპლომატს საქართველოში ელჩად დანიშვნა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. თავის მხრივ, რუბენ სადოიანმა გამოთქვა მზაობა მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს. კმაყოფილებით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის ინტენსიური პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთქმედება. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკა და საგარეო უწყებების როლი ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებაში.
მხარეებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენები.
