ბაქრაძე - მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ პოლიტიკური აზრი - რაც ხდება საქართველოში რუსეთისგან უკანონო ოკუპაციაა
ბაქრაძე - მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ პოლიტიკური აზრი - რაც ხდება საქართველოში რუსეთისგან უკანონო ოკუპაციაა
16:01 06.07.2012
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის შეფასებით, ეუთოს მიერ კიდევ ერთი რეზოლუციის მიღება  საერთაშორისო პოლიტიკური აზრის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ის რაც დღეს ხდება საქართველოში რუსეთის მხრიდან უკანონო ოკუპაციაა.
ამის შესახებ ბაქრაძემ ეუთოში საქართველოს საკითხზე მომზადებული რეზოლუციის შეფასებისას აღნიშნა, რომელსაც ასამბლეამ კენჭი დღეს უნდა უყაროს.
„პროექტი, რომელსაც კენჭი ეყრება, ცალსახად დადებითია. მასში საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთის მხრიდან აღებული ვადებულებების შესრულების აუცილებლობაზე, ასევე ცალკეა გამოყოფილი დვენილების დაბრუნების საკითხი. ყველაფერი ეს კი, სამომავლოდ საქართველოს გამთლიანების პერსპექტივას უკავშირდება“ – აღნიშნა ბაქრაძემ.
მისივე შეფასებით, ქართულმა მხარემ შეძლო ბოლო 2–3 წლის განმავლობაში, მყარად ჩამოეყალიბებინა საერთაშორისო აზრი, რომ რუსეთი არის აგრესორი და ეს ქმნის წინაპირობას, რომ რუსეთის ოკუპაცია საქართველოში დასრულდება და ქვეყნის გამთლიანება მშვიდობიანი, პოლიტიკური გზებით მოხდება.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ საერთაშორისო პოლიტიკური აზრი, რომ საერთაშორისო პოლიტიკაში იყოს მყარი განწყობა – ის, რაც დღეს ხდება საქართველოში, არის რუსეთის მხრიდან უკანონო ოკუპაცია. რეზოლუციის პროექტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ეუთოს წევრი 55 ქვეყნის პარლამენტის პოზიციას, რომ რუსეთი არის აგრესორი, რომელმაც უნდა შეწყვიტოს ოკუპაცია“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ამასთან, დავით ბაქრაძეს მიაჩნია, რომ რეზოლუციის მიღებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება მიუხედავად იმის, რომ რუსეთი არ დაიწყებს მის მყისიერ შესრულებას.
„მსოფლიო აზრის წინააღმდეგ მუდმივად სვლა წარმოუდგენელია და ამას ვერც ერთი სახელმწიფო ვერ გააკეთებს, მათ შორის რუსეთი და მას ადრე თუ გვიან, მოუწევთ მსოფლიო პოლიტიკური აზრის გათვალისწინება“ – განაცხადა ბაქრაძემ.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე დღეს საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრიან კენჭს.
რეზოლუცია „საქართველოში არსებული ვითარება“, პოლონელმა დეპუტატმა მოამზადა. დოკუმენტში საუბარია სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე და ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში გამოყენებულია ტერმინი „ოკუპაცია“.


ბეჭდვა