ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის თვმჯდომარე მამუკა კაციტაძე არაკვალიფიციურობაში ამხელს
იმ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ კომისიის გადამოწმებულ სიაში უამრავი უზუსტობა აღმოაჩინიეს.
როგორც კაციტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ე.წ პარალელური „კარდაკარის“ დაწყებისას, პოლიტიკურმა პარტიებმა აიღეს ამომრჩეველთა ის პირველადი სია, რომელიც კომისიამ „კარდაკარის“ დაწყებამდე საწყის ვერსიად გამოიყენა და ამ სიაში წინასწარი მონაცემებით, დღეისთვის უკვე 1 100 000-ზე მეტი შესწორებაა შეტანილი.
„ეს არის ტყუილი და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა, თითქოს მათ ხელთ აქვთ ამომრჩეველთა ერთაინი სიის დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის უკვე გადამოწმებული სია. გადამოწმებული სიის გასაჯაროება 1 აგვისტოს მოხდება. ამის განცხადება მოსახლეობის ან შეცდომაში შეყვანა ან დაბალი კვალიფიკაციის მაჩვენებელია“ - განაცხადა კაციტაძემ.
მისივე თქმით, კომისია მზადაა ე.წ პარალელური „კარდაკარის“ დროს დაფიქსირებული და დადასტურებული უზუსტობები მიიღოს და ასახოს ერთიან სიაში.
„თუ 15 ივლისამდე მოგვაწვდიან ამ ინფორმაციას, უზუსტობების ჩასწორება უკვე სიის 1 აგვისტოს ვერსიაში აისახება, ხოლო თუ 1 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე მოგვაწვდიან, ინფორმაციას კომისია ასახავს 14 კალენდარული დღის ვადაში“ - აღნიშნა კაციტაძემ.
ამასთანავე, კაციტაძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მონაცემების ელექტრონული გადამოწმება, რომელიც 31 ივლისამდე დასრულდება. კომისია ელოდება მონაცემებს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებისგან, როგორიცაა - თავდაცვის და შს სამინისტროები, სამოქალაქო რეესტრი, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, სასჯელაღსრულების, საკონსულო დეპარტამენტების, საზღვრის დაცვის დეპარტამენტი და ასევე, სასამართლოებისგან, რომლებმაც ქმედუუნარო მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია უნდა წარადგინონ.
