პარტია „ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია ზუგდიდში, ჭითაწყარის ტერიტორიაზე მდებარე ზუგდიდის რეფერალური
საავადმყოფოს ერთ-ერთ დამხმარე ნაგებობაში ჩასახლებულ დევნილებს ესტუმრა და მათ მდგომარეობას გაეცნო.
მისი თქმით, აღნიშნულ შენობაში მცხოვრები დევნილების მდგომარეობა ძალიან მძიმეა.
„ნესტი, დანგრეული კედლები, სახურავის ნაცვლად - პარკი, მღრღნელები, ბეტონის იატაკი, ქათმების და ადამიანების ერთად თანაცხოვრება - ეს იმ 10 ოჯახის ხვედრია, რომლებიც უკვე წლებია ამ ე.წ. „შენობაში" ცხოვრობენ. დაპირებების მიუხედავად, მათი მდგომარეობა არ იცვლება. ზოგიერთ ოჯახს ბარგი ახლაც შეკრული აქვს, რადგან ბათუმში გადაყვანას პირდებოდნენ" - განაცხადა ნაჭყებიამ.
მისივე თქმით, დევნილთა სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელმა მსგავს პირობებში მცხოვრებ დევნილებს უმოკლეს ვადაში უნდა აცნობოს, თუ რა ბედი ელით და როდის ეღირსებათ ნორმალურ საცხოვრებელ ადგილას გადასვლა.
„პრეზიდენტის ავტობუსს მინისტრებითურთ ამ შენობაში ვეპატიჟები. ქვეყნის პირველმა პირმაც და ახლადდანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა, ასევე, დევნილთა ახალმა მინისტრმა უნდა იცოდნენ - რა პირობებში ცხოვრობენ ადამიანები“- განაცხადა ნაჭყებიამ.
იგი შეხვედრებს დღეს სამეგრელოს რამდენიმე სოფელშიც გამართავს.
