დავით ზალკალიანი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს შეხვდა
დავით ზალკალიანი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს შეხვდა
17:43 08.12.2017
ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 24-ე შეხვედრის ფარგლებში, გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, დავით ზალკალიანის შეხვედრა ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან - ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიის და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ტოივო კლართან, ეუთო-ს თავმჯდომარეობის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიის საკითხებში, გიუნტერ ბეხლერთან და გაეროს სპეციალურ წარმომადგენელთან საქართველოს საკითხებზე, ანტი ტურუნენთან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების და მასში ევროკავშირის, ეუთო-სა და გაერო-ს ჩართულობის მნიშვნელობას. აღინიშნა მოლაპარაკებების ფორმატის მთავარ სამუშაო თემებზე, კერძოდ, ძალის არ გამოყენების, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების და იძულებით ადგილნაცვალ პირთა საკითხებზე პროგრესის მიღწევის საჭიროება.

უწყების ცნობით, ქართული მხარის მიერ დაფიქსირდა რუსეთის მხრიდან ქართული მხარის საპასუხოდ ძალის არ გამოყენების ვალდებულების აღების აუცილებლობა და გამოითქვა მწუხარება, რომ ვერ ხერხდება იძულებით ადგილნაცვალ პირთა საკითხის შესაბამისი განხილვა მეორე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში რუსეთის არაკონსტრუქციული პოზიციის გამო.


ბეჭდვა