„სამოქალაქო ფრონტის“ ხელმძღვანელი ჯაბა ჯიშკარიანი სამთავრობო ცვლილებებს ხელისუფლების ისტერიის მიზეზით ხსნის.
როგორც ჯიშკარიანის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ქვეყნის დანაშაულებრივმა ხელისუფლებამ საკადრო ცვლილებებით, მოსახლეობას პირდაპირ მიანიშნა, რომ მის ხელთ არსებული ყველანაირი ხერხით ეცდება არჩევნების გაყალბებას და მოსახლეობის დაპირისპირებას, რაც ჯიშკარიანის შეფასებით, საკუთარი ხალხისთვის პრაქტიკულად, ომის გამოცხადებას ნიშნავს.
„დანაშაულებრივი ხელისუფლების განსაკუთრებულ გაბოროტებას ხალხის თავისუფალი ხმა იწვევს. სწორედ ეს არის მიზეზი ხელისუფლების ისტერიის და იმ არაადექვატური ნაბიჯების, რომელიც ამ ბოლოს სამთავრობო რგოლში ადგილების გადანაცვლებით მოხდა“ - ნათქვამია ჯიშკარიანის განცხადებაში.
„სამოქალაქო ფრონტის“ ხელმძღვანელი ასევე, აცხადებს, რომ მას და მის კოლეგებს გაცნობიერებული აქვთ, როგორ ემზადება საქართველოს ხელისუფლება არჩევნების გასაყალბებლად.
ჯიშკარიანის თქმით, საკუთარი არჩევანისა და მომავალი თვისუფლების დასაცავად პროცესებში ახალგაზრდობა უნდა ჩაერთოს.
სამთავრობო ცვლილებების მიხედვით, პრემიერ-მინისტრად ვანო მერაბიშვილი დაინიშნა, შინაგან საქმეთა მინისტრად თავდაცვის უკვე ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, მის ადგილზე განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი, განათლების მინისტრად ეროვნული გამოცდების ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი - ხატია დეკანოიძე, ხოლო ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრად აფხაზეთის მთავრობის განათლების ყოფილი მინისტრი დალი ხომერიკი დაინიშნა.
