„საქართველოს გზა“ ფინანსური მონიტორინგის სამსახურისგან განმარტებებს ითხოვს
„საქართველოს გზა“ ფინანსური მონიტორინგის სამსახურისგან განმარტებებს ითხოვს
14:47 06.07.2012
პოლიტიკური პარტია „სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზის“ ერთ-ერთი ლიდერი, ქარელის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მამუკა ბალიაშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურს თხოვნით მიმართავს.
ბალიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენცაზე 5 ივლისს, ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემაში „აკრედიტაციის გარეშე“ გასულ სიუჟეტზე ისაუბრა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ აქტივისტი, საარჩევნო უბნის კოორდინატორი რუსო წიკლაური დეტალურად საუბრობს „ნაციონალურ მოძრაობაში“ თავის ფუნქციაზე.
„აქტივისტის განცხადებით, მისი ოფიციალური დამსაქმებელი #32-ე საჯარო სკოლაა, თუმცა, სკოლაში მიღებული ანაზღაურების სანაცვლოდ, ის ასევე მუშაობს პოლიტიკური გაერთიანება „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ. გარდა ამისა, ქალბატონი კამერასთან საუბრისას ადასტურებს, რომ სკოლაში მიღებულ გასამრჯელოზე „ნაციონალური მოძრაობა“ დანამატის სახით დადიანის ქ.#105-ში მდებარე ოფისში, მას ხელზე აძლევს გარკვეულ თანხას“- განაცხადა ბალიაშვილმა და დასძინა, რომ ეს თანხა ოფიციალურ ხელფასად არ აღირიცხება და კანონის შესაბამისად არ იბეგრება.
ბალიაშვილის განცხადებით, ქალბატონი არჩევნების გაყალბების მექანიზმებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ კანონდარღვევებში საკრებულოს წევრი მამუკა გუგეშაშვილი და პარლამენტში ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატი სამადაშვილი მონაწილეობენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ბალიაშვილი განმარტებებს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს სთხოვს.
„გთხოვთ, განგვიმარტოთ ფლობთ თუ არა ინფორმაციას აღნიშნული ვიდეოჩანაწერის შესახებ და დაწყებულია თუ არა გამოძიება არსებულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით“- განაცხადა ბალიაშვილმა და აღნიშნა, რომ „საქართველოს გზა“ მოითხოვს საზოგადოებას ეცნობოს მომხდართან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ოფიციალური პოზიცია.

ბეჭდვა