ამომრჩეველთა ერთიან სიაში „კარდაკარის“ შედეგად 1 მლნ 100 ათასზე მეტი შესწორება შევიდა
ამომრჩეველთა ერთიან სიაში „კარდაკარის“ შედეგად 1 მლნ 100 ათასზე მეტი შესწორება შევიდა
14:40 06.07.2012
ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიამ „კარდაკარის“ ჩატარების შედეგად, ამომრჩეველთა სიაში, წინასწარი მონაცემებით, 1 მლნ 100 ათასზე მეტი შესწორება შეიტანა.
ამის შესახებ დღეს კომისიის ხელმძღვანელმა მამუკა კაციტაძემ პრესკონფენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საბოლოო ინფორმაცია დამუშავების პროცესშია. თუმცა, ამ ეტაპზე ცნობილია, რომ სიიდან ამოღებულია დაახლოებით 16 000 გარდაცვლილი. ამასთან, საზღვარგარეთ მინიმუმ 300 000 მოქალაქეა გასული და მინიმუმ 135 000 მოქალაქეზე ე.წ მიწერებია დაფიქსირებული.
როგორც კაციტაძემ განაცხადა, კომისიას კარდაკარის პრინციპით უნდა გადაემოწმებინა 3 მლნ 464 ათას 683 ამომრჩეველი. აქედან, გადაამოწმა 99,2% , რაც 3 მლნ 437 ათას 314 მოქალაქეა.
კაციტაძის თქმით, ვერ გადამოწმდა დაახლოებით 27 ათასი მოქალაქე ქვეყნის სხვადასხვა რაიონში დამისამართების პრობლემების გამო. ამასთანავე, ვერ გადამოწმდა 4 სოფელი - გორის რაიონის სოფელი ზარდიაანთკარი და საჩხერის რაიონის სოფლები სინაგური, ქარძმენი და ჯალაბეთი, სადაც საოკუპაციო ძალების ნაწილებია განლაგებული.
როგორც კაციტაძემ განაცხადა, კომისია ამომრჩეველთა დაზუსტებულ სიას 1 აგვისტოსთვის წარადგენს და ამის შემდეგაც მზად იქნება ე.წ პარალალური „კარდაკარების“ შედეგად აღმოჩენილი და დადასტურებული უზუსტობები სიაში ასახოს. მსგავსი უზუსტობების შესახებ კომისიაში ინფორმაციის წარდგენის საბოლოო თარიღი 1 სექტემბერია.

ბეჭდვა