საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ამომრჩეველთა ლიგის“ თავმჯდომარის კოკა გუნცაძის განცხადებით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული უზუსტობა 18-დან 23%-მდე მერყეობს.
ამის შესახებ გუნცაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც საზოგადოებას ალტერნატიული „კარდაკარის“ კამპანიის შედეგები გააცნო.
როგორც გუნცაძემ განაცხადა, ლიგის მიერ ალტერნატიული „კარდაკარი“ თბილისსა და ზუგდიდში მიმდინარეობს და მთლიანობაში 1 მლნ 60 ათას ამომრჩეველს მოიცავს, რაც ამომრჩეველთა ერთიანი სიის 40%-ია.
გუნცაძემ დაასახელა ის კონკრეტული ფაქტები, რომელიც საარჩევნო სიების გადამოწმების პროცესში დაფიქსირდა და თბილისის ყველა უბნის მონაცემებიც მოიყვანა.
„ამომრჩეველთა ლიგის“ თავმჯდომარის თქმით, თბილისში სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა 160 440 შეადგენს. აქედან, გარდაცვლილია 929 ამომრჩეველი. უცხოეთში იმყოფება - 7 809, დაუდგენელია - 19 213, სიაში არ არის - 2 238 ამომრჩეველი.
აქედან გამომდინარე, გუნცაძე აცხადებს, რომ ცვლილებას საჭიროებს ამომრჩეველთა სიის მინიმუმ 18%, თუმცა, თუ ამას დაემატება ამომრჩევლები, რომლებთანაც კონტაქტი არ მყარდება, მაშინ ეს რიცხვი 23%-მდე გაიზრდება.
„ამდენად, ამომრჩეველთა ერთიან სიაში 18-23%-იანი უზუსტობა უცვლელ ტენდენციას წარმოადგენს და ეს არჩევნებში ხმების ფალსიფიკაციის ინსტრუმენტია“ - განაცხადა გუნცაძემ.
დღესვე, მან უარყო ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარის მამუკა კაციტაძის ბრალდება იმასთან დაკავშირებით, თითქოს „ამომრჩეველთა ლიგა“ ძველი სიებით ხელმძღვანელობს.
გუნცაძის თქმით, სია, რომელსაც „ამომრჩეველთა ლიგა“ იყენებს, თავად კაციტაძის კომისიის მიერაა მიწოდებული.
