რუსთაველის გამზირზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საპროტესტო აქცია - „ღირსების მანიფესტაცია
იმართება.
აქციის მონაწილეები, რომლებმაც მსვლელობა რუსთაველის მეტროდან დაიწყეს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობისკენ მიემართებიან.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მხარდამჭერებთან ერთად უკრაინაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავების მცდელობას აპროტესტებენ.
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, პროცესები, რომლებიც ამ დროისთვის უკრაინაშია, საქართველოს ხელისუფლების თანამონაწილეობით ხდება.
„დღევანდელი ჩვენი შეკრება არის ნათელი დადასტურება, რომ შეუძლებელია ქართველი საზოგადოება შეეგუოს ოლიგარქიულ რეჟიმს. რაც უკრაინაში ხდება, ჩვენთვის სამარცხვინოდ, საქართველოს ხელისუფლების თანამონაწილეობით ხდება. ივანიშვილი და პოროშენკო დაუფარავად თანამშრომლობენ, რომ გაანეიტრალონ ადამიანი, რომელიც მათ ოლიგარქიულ რეჟიმებს საფრთხეს უქმნის, ეს ადამიანი არის მიხეილ სააკაშვილი“ - განაცხადა ნიკა მელიამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ კიევში მიხეილ სააკაშვილი საკუთარ სახლში დააკავეს, თუმცა რამდენიმე საათში მხარდამჭერებმა მისი გათავისუფლება შეძლეს.
