ოპოზიციის ლიდერები ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდნენ
ოპოზიციის ლიდერები ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდნენ
13:05 06.07.2012
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დღეს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდნენ.
შეხვედრის მთვარი თემა საპარლამენტო არჩევნები იყო. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. მას „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“, „ახალი მემარჯვენეების“, „ქართული ოცნებისა“ და „ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრიდან გამოსული ოპოზიციური პარტიების ლიდერების განმარტებით, საუბარი ძირითადად, საპარლამენტო არჩევნებს, წინასაარჩენვოდ მიმდინარე მოვლენებს და ამ პროცესში ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის ხელისშემშლელ ფაქტებს შეეხო.
საარჩევნო საკითხების გარდა, შეხვედრაზე თავდაცვისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებიც განიხილეს.
„ვისაუბრეთ იმ მთავარ საჭიროებებზე, რომელიც ქართველ ხალხს აქვს. ეს არის უსაფრთხოება, თავდაცვისუნარიანობის ამაღლება, საფუძვლის ჩაყრა იმისთვის, რომ ქვეყანა მომავალში გაერთიანდეს“ - აღნიშნა „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა გიორგი თარგამაძემ შეხვედრის შემდეგ.
„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი დავით გამყრელიძის თქმით კი, საუბარი ასევე, ხელისუფლებასა და ოპოზიციას, ოპოზიციურ პარტიებს შორის პოლიტიკურ განსხვავებებს შეეხო.
„ამავე დროს ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა ხელის შემშლელი პირობები არსებობს იმისთვის, რომ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს. ძალიან საყურადღებოა ის, თუ რა ინტერესით ეკიდება ამერიკის კონგრესი ამ არჩევნებს და ეს არის გარანტი იმისა, რომ საქართველოში ნამდვილად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდება“ - განმარტა გამყრელიძემ.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის დავით უსუფაშვილის განცხადებით, კონგრესმენებთან საარჩევნო გარემოზე, ადმინისტრაციულის რესურსის გამოყენებაზე და მედიის პრობლემებზე ისუბრეს.
„მათი მხრიდან სრულიად ადექვატურად იყო დანახული ვითარება, რომ თავისუფალი და სამართლინი არჩევნები მოიტნს იმ ცვლილებებს ამ ქვეყანაში, რაც აუცილებელია და რაც ბოლომდე მიიყვანს 2003 წელს გაცხადებულ მიზნებს“ - აღნიშნა უსუფაშვილმა.
ამერიკელი კონგრესმენების 8-კაციანი დელეგაცია საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ისინი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან.



ბეჭდვა