„ნაციონალური მოძრაობა“ ხვალ ღირსების მანიფესტაციას მოაწყობს
„ნაციონალური მოძრაობა“ ხვალ ღირსების მანიფესტაციას მოაწყობს
15:09 05.12.2017
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხვალ თბილისში ღირსების მანიფესტაციის მოწყობას გეგმავს.
ამასთან დაკავშირებით განცხადება პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გააკეთა.
მელიამ საზოგადოებას რუსთაველის მეტროსთან მისვლისა და მანიფესტაციაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
ნიკა მელიას თქმითვე, „ნაციონალური მოძრაობა“ დღეიდან საგანგებო მოქმედების რეჟიმზე გადადის და საქართველოსთვის გადამწყვეტ ბრძოლას იწყებს.
„რამდენიმე საათის წინ პოროშენკოს ოლიგარქიულმა და ტოტალიტარულმა რეჟიმმა მისმა სპეცდანიშნულების რაზმებმა დააკავეს საქართველოს პრეზიდენტი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი. მისი დაპატიმრება არის ივანიშვილისა და პოროშენკოს ოლიგარქიული რეჟიმების შეთანხმებული რევანში თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი და უკრაინელი ხალხების წინააღმდეგ. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება ხდება რუსეთის ფედერაციის დაუფარავი მოთხოვნის საფუძველზე, სწორედ ამიტომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გადადის მოქმედების საგანგებო რეჟიმზე და აცხადებს გადამწყვეტ ბრძოლას საქართველოსთვის და მოუწოდებს საქართველოს ყველა პატრიოტს, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს თავისუფლების იდეალები, გამოვიდეს ხვალ 2 საათზე რუსთაველის მეტროსთან და მონაწილეობა მიიღოს ღირსების მანიფესტაციში. დიახაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იწყებს გადამწყვეტ ბრძოლას საქრთველოს გადასარჩენად, გადადის ამ წუთიდან საგანგებო მოქმედების რეჟიმზე. ხელისუფლება ოლიგარქიული მმართველის სახით შემოვიდა დაპირისპირებაში ქართველ ხალხთან და ეს გამოწვევა არის მიღებული. ხვალ ველოდებით ყველას, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს მომავალი, ამ ქვეყნის სუვერენიტეტი, ვისთვისაც ძვირფასია თავისუფლება და დამოუკიდებლობა, შევიკრიბოთ რუსთაველის მეტროსთან და მივიღოთ მონაწილეობა ღირსების მანიფესტაციაში“- განაცხადა მელიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს კიევში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. მას ბრალად უკრაინული სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული ედება.

ბეჭდვა