კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალ პოლიტიკურ პარტიებს დაკისრებული ჯარიმის გადასახდელი თანხა არ აქვთ.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ კოალიციის სუბიექტი პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ განუცხადა.
მისი თქმით, „მრეწველებს“ ფინანსური შემოსავალი თითქმის არ გააჩნიათ, ჯარიმის გადახდას არც სხვა პარტიები აპირებენ.
„ძალიან დიდი სურვილიც რომ გვქონდეს, მაინც ვერ გადავიხდით, რადგან შემოსავალი საერთოდ არ გვაქვს. შესაბამისად, არ ვიცი რას მოიმოქმედებს აღსრულების ეროვნული ბიურო. თუ სახრჩობელაზე არ აგვიყვანენ კარგი იქნება. არამგონია, ამის გამო პასუხისგებაში მიგვცენ, თუმცა, არც ამას გამოვრიცხავ“- განუცხადა „ნიუსპრესს“ ტყემალაძემ.
მისივე განმარტებით, დაჯარიმების მიუხედავად, კოალიციაში შემავალ სუბიექტებს არჩევნებში მონაწილების უფლება არ შეეზღუდებათ, თუმცა, წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება უსახსრობის გამო შეუძლებელი გახდება.
„პარტიას სამართლებრივად შესაძლებლობა ექნება მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, თუმცა, ასეთ პირობებში, წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარების დროს საკმაოდ დიდი შეფერხებები და პრობლემები გვექნება, რაც ფინანსების უქონლობაში გამოიხატება. ასევე დავკარგავთ პრაქტიკულად ყველა შემოწირულობას, რადგან, თუკი ვინმე რამეს შემოგვწირავს, ყველაფერს აღსრულება წაიღებს“- აღნიშნა ტყემალაძემ.
კოალიცია „ქართულ ოცნებას“ და მასში შემავალ პოლიტიკურ სუბიექტებს ჯარიმის ნებაყოფლობით გადახდის ვადა უკვე ამოეწურათ.
საქალაქო სასამართლომ კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურის დადგენილების საფუძველზე, კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პოლიტიკური სუბიექტები და საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“ 2 383 097 ლარით დააჯარიმა.
სასამართლოს დადგენილებით, აღნიშნული თანხა ექვს სუბიექტს - „რესპუბლიკურ პარტიას“, „თავისუფალ დემოკრატებს“, „კონსერვატიულ პარტიას“, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ და საზოგადოებრივ მოძრაობა „ქართულ ოცნებას“ შორის უნდა გადანაწილდეს.
კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, შპს „მენეჯმენტ სერვისმა“ საკუთარი სახსრებით დაიქირავა და 476.614.51 ლარის სარემონტო სამუშაოები ჩაატარა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ კოალიცია „ქართული ოცნების“ საოფისე ფართებში, რომლითაც დღემდე სარგებლობენ პოლიტიკური სუბიექტები. შპს „მენეჯმენტ სერვისის“ მიერ პოლიტიკური სუბიექტების სასარგებლოდ განხორციელებული უსასყიდლო მომსახურება სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად უკანონო შემოწირულობად იქნა მიჩნეული.
