ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე დღეს საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრიან კენჭს.
რეზოლუცია „საქართველოში არსებული ვითარება“, პოლონელმა დეპუტატმა მოამზადა. დოკუმენტში საუბარია სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე და ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში გამოყენებულია ტერმინი „ოკუპაცია“.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და აღიარებს მის სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში.
როგორც პოლონეთის პარლამენტის წევრმა, მიხეილ შაჩერბამ აღნიშნა, დოკუმენტის შექმნის მიზანი საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე ყურადღების გამახვილება და მისი დადებითად დახასიათება იყო.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მიგვაჩნია, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ბოლომდე შესრულებული არ არის. გვინდოდა, ეს საკითხი არჩევნებამდე დაგვესვა“-განაცხადა შაჩერბამ.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციის წევრის, პარლამენტარ გიგი წერეთლის განმარტებით, ეს ყველაზე სერიოზული რეზოლუციაა, რომელიც ბოლო დროს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას მიუღია.
„მასში ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტებია, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ტერმინ „ოკუპაციის“ დამკვიდრებას ეხება უკვე ეუთო-შიც“-აღნიშნა წერეთელმა.
რეზოლუციაში მოწოდებაა რუსეთის ფედერაციის მიმართ, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები. მასში, ასევე, საუბარია საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და მოახლოებულ არჩევნებზე.
