არჩეული სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, პოსტზე ყოფნისას მისთვის პრიორიტეტული
იქნება სოციალური უთანასწორობის საკითხები და დასაქმებულთა პრობლემები.
მისივე თქმით, ყველა საჯარო უწყებასთან აქტიურ თანამშრომლობას აპირებს, რათა ისინი სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულებაში დაარწმუნოს.
ამასთან დაკავშირებით ლომჯარიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„მე ვფიქრობ, რომ გამოწვევები მოიატანა ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებამ და ადამიანის უფლებების გაგებამ. ჩემს გამოსვლაშიც აქცენტს ვაკეთებდი სოციალური უთანასწორობის საკითხებზე, რაც ყველაზე მწვავედ დგას საქართველოში. ასევე დასაქმებულთა პრობლემებზე, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებს საზოგადოების უმეტესობას. ჩემი როგორც სახალხო დამცველის მოვალეობა იქნება, რაც შეიძლება ფართო მასების მოლოდინები გავამართლო, რომ დავიცვა რაც შეიძლება მეტი ინტერესთა ჯგუფები, ამასთანავე კვლავინდებურად პრონციპულად დავიცავ იმ ადამინებს, რომელთაც შეიძლება არ ყავდეთ ძალიან ბევრი დამცველი ან მათი ხმა შეიძლება არ ისმოდეს ისე ხმამაღლა, როგორც საჭიროა. მე ვეცდები, რომ ადამიანების პრობლემები თავად მოვიტანო სახალხო დამცველის ყურამდე და არ დაველოდო საჩივრებს, ვეცდები მეტი კომუნიკაცია მქონდეს საზოგადოებასთან და ის მოლოდინები გავამართლო, რაც მათ ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით აქვთ. ასევე მექნება მჭიდრო ურთიერთობა ყველა საჯარო უწყებასთან, საქართველოს პარლამენტთან, ადგილობრივ თვითმმართველობასთან, ცენტრალურ ხელისუფლებასთან, იმისათვის რომ დავარწმუნო ისინი სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულებაში და ვითანამშრომლო მათთან“- განაცხადა ლომჯარიამ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა სახალხო დამცველად ნინო ლომჯარია აირჩია. მის კანდიდატურას 96-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
ნინო ლომჯარია ომბუდსმენის თანამდებობას 5-წლის ვადით, 8 დეკემბრიდან ჩაიაბრებს.
