საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „მოქალაქეთა პოლიტიკური
გაერთიანებების შესახებ ორგანული კანონი ძალიან ცუდია, განსაკუთრებით კი, დაფინანსების მიმართულებით და კრიტიკას ვერ უძლებს.
აღნიშნული განცხადება ირაკლი კობახიძემ დღეს, პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განიხილეს.
„ეს ორგანული კანონი იძლევა მანიპულაციების საშუალებას. ამ მანიპულაციების შედეგად, ოპოზიციურმა პარტიებმა, დაახლოებით, მილიონნახევრიანი წლიური უსამართლო დაფინანსება მიიღეს. არა მგონია, რომ ეს დაფინანსება მიემართებოდეს პენსიონერთა პენსიების დაფარვაზე. ეს ყველაფერი გამოსასწორებელია. ამისთვის საჭიროა ახალი კანონის მომზადება და მიღება, რომლითაც მთლიანად ახლებურად მოწესრიგდება პარტიების დაფინანსების წესი. ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები აუცილებლად დაიწყება საპარლამენტო პარტიებს შორის. ჩვენ გვქონდა უკვე ხანმოკლე კონსულტაციები უმცირესობის წარმომადგენლებთან, ეს კონსულტაციები გაფართოვდება და გაგრძელდება. სამწუხაროდ, მომდევნო სამი წლის განმავლობაში ვითარებას ვერ გამოვასწორებთ, თუმცა, უნდა შევქმნათ ისეთი კანონი, რომელიც ამოქმედდება 2020 წლიდან და რომელიც სრულად მოაწესრიგებს პარტიების დაფინანსების სისტემას“- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
