საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სლოვენიის რესპუბლიკის
ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან კარლ ერიავეცთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციზე საქართველოსა და სლოვენიის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში არსებული ურთიერთობები შეაჯამა.
მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა კარლ ერიავეცს საქართველოში სტუმრობისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოსა და სლოვენიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის მანძილზე ჩამოყალიბდა საერთო ინტერესებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული შესანიშნავი პოლიტიკური ურთიერთობები და წარმატებული თანამშრომლობა ეკონომიკის, თავდაცვის, განათლების და კულტურის სფეროებში.
მინისტრის განმარტებით, ამ დინამიკას და საქართველოსა და სლოვენიასშორის ინვესტიციების განხორციელებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, სხვადასხვა სლოვენიური კომპანიის წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში და დაგეგმილი ბიზნეს ფორუმი.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა სლოვენიელ კოლეგას საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის.
მინისტრის თქმით, სლოვენიამ გამოთქვა მზადყოფნა აღმოუჩინოს საქართველოს როგორც საკონსულტაციო, ისე პრაქტიკული დახმარება რეფორმების გატარების და ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით.
„ ჩვენ მივესალმებით პოლიტიკურ, პრაქტიკულ და ექსპერტების დონეზე მხარდაჭერას ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების, მათ შორის სლოვენიის მხრიდან. ეს ყოველივე ჩვენ დაგვეხმარება მივაღწიოთ მეტ სამართლებრივ, ინსტიტუციურ თუ დარგობრივ თავსებადობას ევროკავშირთან“- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
სლოვენიის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ერიავეცი საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით თბილისს “ თბილისის აბრეშუმის გზისფორუმის“ ღონისძიების ფარგლებში ეწვია.
