პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა პირველ სამუშაო დღეს, ჭიათურის რაიონის სოფელ ხრეითში, სოფლის მოსახლეობის პრობლემების ადგილზე გასაცნობად ჩაიყვანა.
„ვერტმფრენი სპეციალურად აქ არ დავსვით და მთავრობის წევრები 40-45 წუთი ავტობუსით ამოვატარეთ, რომ პირადად ენახათ რა გზის გავლა უწევს ბევრ თქვენგანს ყოველდღე ჭიათურაში ჩასასვლელად და უკან დასაბრუნებლად“ - მიმართა სააკაშვილმა სოფლის ძველ სკოლასთან შეკრებილ ხრეითელებს.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, სანამ თუნდაც ერთი მსგავსი სკოლა იარსებებს ქვეყანაში, „ძნელია ილაპარაკო იმაზე, რომ განათლების რეფორმა ბოლომდე წარმატებულია“.
„ვარდების რევოლუციის შემდეგ 8 წელი გავიდა და მთელი თაობა გაიზარდა ამ სკოლაში, რომელსაც ამ სკოლაში არაფერი გაუმჯობესება არ უნახავს, თუ არ ჩავთვლით მერხებსა და წიგნებს, რომელიც 2-3 წლის წინ დაურიგდათ“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, აღნიშნული სოფლის მსგავსად, ზემო იმერეთის ძალიან ბევრ სოფელში არ არის გაყვანილი წყალი და მოსახლეობას კილომეტრებიდან წყლის მოტანა უწევს.
ხრეითელებს ასევე ახალმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა მიმართა და განაცხადა, რომ ახალ მინისტრთა კაბინეტს სამი ძირითადი პრიორიტეტი აქვს - უმუშევრობასთან ბრძოლა, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა ყველასთვის და სოფლის მეურნეობის განვითარება.
როგორც მერაბიშვილმა განაცხადა, ხელისუფლება ბიუჯეტიდან სერიოზული თანხების დახარჯვას აპირებს იმისთვის, რომ „შეიქმნას დოვლათი, გაძლიერდეს სოფელი და ყველა სოფელს გზა, წყალი, გაზი და ინტერნეტი ჰქონდეს“.
