ბაღათურია - ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებასთან თანამშრომლობს და ერთიანობის წინააღმდეგია
ბაღათურია - ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებასთან თანამშრომლობს და ერთიანობის წინააღმდეგია
16:46 05.07.2012
პარტია „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია აცხადებს, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ხელისუფლების თამაშს თამაშობს და ოპოზიციის შიგნით მუდმივად დესტუქციულ ფაქტორს წარმოადგენს.

„დღეს თუ ვინმეს უნდა ოპოზიციური ერთობა არ შედგეს, ეს ხელისუფლებაა და ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხელი შეუშალოს ოპოზიციის შიგნით მიმდინარე დიალოგს“ - განუცხადა ბაღათურიამ „ნიუსპრესს“.

მისი თქმით, ასე იყო ადრეც, როდესაც ერთიანი ოპოზიცია ძლიერი იყო, ხელისუფლებამ მაშინაც შეძლო „განხეთქილება შეეტანა და გადაებირებინა კოლეგები, რომლებმაც ბლოკი მიატოვეს“.

ბაღათურია სამწუხაროს უწოდებს ოპოზიციის ერთი ნაწილის თანამშრომლობას ხელისუფლებასთან და აცხადებს, რომ ისინი „სამარცხვინო ფორმით თანამშრომლობენ და ცდილობენ მუდმივად იყვნენ დესტრუქციული ფაქტორები“.

ბაღათურიამ კონკრეტული პოლიტიკური ძალის დასახელება არ ისურვა.

კოალიცია „ქართულ ოცნებას“, „სახალხო კრებასა“ და „ქართულ დასს“ შორის საარჩევნო პერიოდში თანამშრომლობის ფორმატთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარებს. ვრცელდება ინფორმცია პოზიციების დაპირისპირების შესახებ „რესპუბლიკელებსა“ და „ქართულ დასს“ შორის, რომელიც ოპოზიციის ერთიანი ფრონტით გამოსვლის მომხრეა.

ბეჭდვა