ვოლოდიმირ გროისმანი: უნდა გავამარტივოთ მიმოსვლა უკრაინასა და საქართველოს შორის
ვოლოდიმირ გროისმანი: უნდა გავამარტივოთ მიმოსვლა უკრაინასა და საქართველოს შორის
13:43 27.11.2017
უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვოლოდიმირ გროისმანი საქართველოსთან მოგზაურობის გამარტივების სურვილს გამოთქვამს. როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ID ბარათების აღიარებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყება.

„ჩვენ ასევე უნდა გავამარტივოთ მოგზაურობა ჩვენს ქვეყნებს შორის, ჩვენი მოქალაქეებისთვის. ვიცით, რომ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები დაინტერესებულნი არიან ჩვენს ქვეყნებში სტუმრობით და დღეს ჩვენ გამოვთქვით დიალოგის დაწყების სურვილი ID ბარათების აღიარებასთან დაკავშირებით, რათა ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენს ქვეყნებში მიმოსვლა უფრო მოხერხებული გახდეს.
მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ დღეს უკრაინული ბიზნესი ძალიან დაინტერესებულია საქართველოს ეკონომიკური ცხოვრებით და პირიქით. ამ მიმართულებით თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ამ შესაძლებლობისთვის, რომ ვეწვიე თბილისს. მსურს, კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ მთელი ჩვენი სამთავრობო გუნდი მზად არის, მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობების განვითარებას”-განაცხადა უკრაინის პრემიერმა.

ბეჭდვა