უკრაინის პრემიერი: მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ყველაფერს გავაკეთებთ, რაც უკრაინაზეა დამოკიდებული
უკრაინის პრემიერი: მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ყველაფერს გავაკეთებთ, რაც უკრაინაზეა დამოკიდებული
13:37 27.11.2017
უკრაინის პრემიერ-მინისტრ ვოლოდიმირ გროისმანის განცხადებით, უკრაინა არის და იქნება საიმედო სტრატეგიული პარტნიორი საქართველოსთვის.

აგრეთვე, პრემიერმა ხაზი გაუსვა ხალხებს შორის არსებულ მეგობრულ დამოკიდებულებას, რაც მისი თქმით, საშუალებას იძლევა სხვადასხვა სფეროში ხარისხიანი პოლიტიკა შეიქმნას.

„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ საქართველოში მოწვევისთვის. ეს არის ჩემი პირველი ვიზიტი მეგობრულ ქვეყანაში, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ხელს შეუწყობს სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გაღრმავებას. მინდა მადლობა გადაგიხადოთ პირადად თქვენ, ბატონო პრემიერ-მინისტრო და ქართველ ხალხს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის უპირობო მხარდაჭერისთვის. ჩვენ დიდად ვაფასებთ ამ ძალისხმევის კოორდინაციას საერთაშორისო არენაზე. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ უკრაინა არის და იქნება საიმედო სტრატეგიული პარტნიორი საქართველოსთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ყოველთვის ყველაფერს გავაკეთებთ, რაც უკრაინაზეა დამოკიდებული, რათა გავაძლიეროთ ეს მხარდაჭერა. გავმართეთ ძალიან ეფექტური და ხარისხიანი მოლაპარაკებები ბატონ პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წევრებთან. ჩვენ აღვნიშნეთ რამდენიმე მთავარი მიმართულება. კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება ჩვენთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. განსაკუთრებით მინდა გავუსვა ხაზი ჩვენს ხალხებს შორის არსებულ თბილ და მეგობრულ ურთიერთობებს, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს, ავაშენოთ სხვადასხვა სფეროში აბსოლუტურად ხარისხიანი პოლიტიკა.
გვაქვს საკმაოდ კარგი ტენდენცია ორმხრივი ვაჭრობის ზრდასთან დაკავშირებით, რაც ეხება საქონლით და მომსახურებით ვაჭრობას. მიმაჩნია, რომ შეიძლება გვქონდეს უფრო ამბიციური მიზანი და 500-მილიონიანი სავაჭრო ბრუნვა გავზარდოთ 1 მილიარდამდე. ეს იქნება ჩვენი თანამშრომლობის ამოცანა. გარდა ამისა, ჩვენ შეგვიძლია, გავაღრმავოთ თანამშრომლობა სხვადასხვა სექტორში - აგრარულ სფეროში, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში და მოხარული ვიქნებით ქართულ ბიზნესთან თანამშრომლობით.
ასევე ვისაუბრეთ ლოგისტიკის სფეროში თანამშრომლობაზე.
ჩემი პროგრამის ერთ-ერთი პუნქტია „აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონაწილეობა, რომელიც თბილისში ხვალ გაიმართება. მინდა, ბატონ პრემიერ-მინისტრს მოწვევისთვის მადლობა გადავუხადო. შევთანხმდით, დავსახოთ ერთობლივი მოქმედების მკაფიო გეგმა, რომ ავაშენოთ ერთიანი გზა ჩვენი საქონლის გადაადგილებისთვის და უზრუნველვყოთ ხარისხიანი ლოგისტიკა სხვა პარტნიორებთან ერთად იმისთვის, რომ შევთავაზოთ საუკეთესო სერვისი გადაზიდვების სფეროში ევროპიდან აზიის მიმართულებით“-განაცხადა პრემიერმა.

ბეჭდვა