ბაღათურია ხელისუფლებას წმინდა სინოდზე ზეწოლაში ადანაშაულებს
ბაღათურია ხელისუფლებას წმინდა სინოდზე ზეწოლაში ადანაშაულებს
16:37 05.07.2012
ხელისუფლების მხრიდან წმინდა სინოდის საქმიანობაში ჩარევას და მასზე ზეწოლას „ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია დაუშვებლად მიიჩნევს.
როგორც მან დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა, ხელისუფლება ცდილობს წმინდა სინოდზე გავლენა მოახდინოს.
„ეპისკოპოსის ფარულად ჩაწერა არასწორია, თუმცა, რაც იმ ჩანაწერში ითქვა სწორია. ჩვენ მხარს ვუჭერთ წმინდა სინოდს და მის თავისუფლებას“ - განაცხადა ბაღათურიამ.
გადაცემა „კვირის რეპორტაჟში“ გადაიცა სიუჟეტი, რომელშიც ბორჯომ-ბაკურიანის მიტროპოლიტი სერაფიმე ფარულად არის ჩაწერილი. გადაცემის წამყვანის ინფორმაციით, მიტროპოლიტი ჟურნალისტს უყვება, რომ „საერო პირების მხრიდან, განსაკუთრებით კი, გიგი უგულავასგან პატრიარქის მიმართ ხშირად ადგილი აქვს ხმამაღალი ტონით საუბარს და ზოგჯერ ყვირილსაც“. „ჯი-ენ-ესის“ სიუჟეტზე უგულავამ კომენტარი გააკეთა და ბორჯომ-ბაკურიანის მიტროპოლიტი სერაფიმე ტყუილსა და ცილისწამებაში დაადანაშაულა.
სავარაუდოდ, ეს საკითხი დღეს წმინდა სინოდის სხდომაზეც განიხილეს.

ბეჭდვა