„მწვანეთა პარტია“ ენერგეტიკის სამინისტროსა და „მედნეულს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვს
„მწვანეთა პარტია“ ენერგეტიკის სამინისტროსა და „მედნეულს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვს
16:22 05.07.2012
„საქართველოს მწვანეთა პარტია“ მოითხოვს დაუყოვნებლივ გაუქმდეს ენერგეტიკის სამინისტროსა და სს „მადნეულს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მათი თქმით, „სამინისტრომ „მადნეულს“ გარემოსთვის ზიანის მიყენება 13 მლნ ლარის გადახდის სანაცვლოდ აპატია“. ამის შესახებ დღეს პარტიის ლიდერმა გია გაჩეჩილაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე წლის 20 მარტს, პარლამენტმა „გარემოს დაცვის შესახებ კანონში“ ცვლილებები შეიტანა, რომლის მიხედვითაც თუ მეწარმე გადაიხდის განსაზღვრულ თანხას, გარემოს დაცვის სფეროში მის მიერ ჩადენილი ყველა დანაშაული კანონიერად ჩაითვლება.

გაჩეჩილაძის თქმით, დანაშაულის პატიების „პირველი მერცხალი“ „მადნეულის“ მფლობელი რუსული კომპანია „კაპიტალ ჯგუფი“ აღმოჩნდა, რომელთანაც ამავე წლის მაისში, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ შეთანხმება გააფორმა.

„შეთანხმების მიხედვით, რუსულ კომპანიას ეპატია ბოლნისის რაიონის ბუნებისა და მოსახლეობის ჯანმრთელობისადმი დღემდე მიყენებული ყველა ზიანი და დანაშაული. პატიების სანაცვლოდ, „კაპიტალ ჯგუფმა“ 13 მილიონი ლარი უნდა გადაიხადოს“ - განაცხადა მწვანეთა პარტიის ლიდერმა.

როგორც გაჩეჩილაძემ აღნიშნა „მადნეულმა “ ბოლნისის რაიონს, რომელიც საქართველოს უმნიშვნელოვანესი სასოფლო სამეურნეო რეგიონია, დიდი ზიანი მიაყენა.
მისივე თქმით, რეგიონის 15 სოფელი კაზრეთის სარწყავი არხით ირწყვება, რომელშიც მდინარე კაზრეთულას წყალი ჩადის. მდინარე მადნეულის მიერ სიცოცხლისთვის საშიში ტოქსიკური ელემენტებითაა დაბინძურებული.

როგორც გაჩეჩილაძემ აღნიშნა, ოფიციალური მონაცემებით, სარწყავ წყალში სპილენძის შემცველობა დასაშვებს 10-40-ჯერ აღემატება, ცინკის შემცველობა ნორმას 2.8-ჯერ აჭარბებს, ხოლო სასმელ წყალში ამ ნივთიერებათა შემცველობა დასაშვებზე 33-ჯერ მეტია.

„ამის გამო რეგიონის ნიადაგი, რომელზეც საკვები პროდუქტები მოჰყავთ, ტოქსიკური ნივთიერებებითაა დაბინძურებული“ - განაცხადა გაჩეჩილაძემ და დასძინა, რომ ასეთი საკვებისა და წყლის ხანგრძლივი მოხმარება ორგანიზმში პათოლოგიურ ცვლილებებსა და სხვადასხვა სახის დაავადებებს იწვევს.

აქედან გამომდინარე, „მწვანეთა პარტია“ მოითხოვს ენერგეტიკის სამინისტროსა და „მადნეულს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება გაუქმდეს, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლომ 2012 წლის 20 მარტს მიღებული კანონის გაუქმებასთან დაკავშირებით, „მწვანეების“ მიერ შეტანილი სარჩელის განხილვა დააჩქაროს. ამასთან, ეკოციდის მომწყობი სუბიექტები დაისაჯონ.

ბეჭდვა