არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიიჩნევს, რომ გოდერძის უღელტეხილზე სამთო-სათხილამურო კურორტის მშენებლობაზე, ადგილობრივი მოსახლეობის კომპენსირების პროცესი გამჭვირვალედ უნდა მიმდინარეობდეს.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მთიან აჭარაში სამთო-სათხილამურო კურორტის მშენებლობა ადგილობრივი მოსახლეობის საკარმიდამო მიწის ნაკვეთებს ეხება. 2011 წლის 21 ოქტომბერს გოდერძის უღელტეხილის ტერიტორია მთავრობის განკარგულებით სახელმწიფო საკუთრებაში დარეგისტრირდა, ხოლო შემდეგ აჭარის მთავრობას გადაეცა. სახელმწიფო რეგისტრაციამ ათობით ადგილობრივი მოსახლის მიწა მოიცვა. მათივე ინფორმაციით, ამის მიუხედავად, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოსახლეობის გაფრთხილების გარეშე დაიგეგმა და დაიწყო სამთო-სათხილამურო კურორტის მშენებლობა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელთა განმარტებით, მთიან აჭარაში გოდერძის უღელტეხილის მახლობლად, სამთო-სათხილამურო კურორტის მშენებლობა ზანკების დასახლებაში დაიწყო. სამშენებლო სამუშაოებს ქართული კომპანია შპს DODERDZI RESORTS აწარმოებს, რომლის მფლობელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა.
„ამ დროისთვის ზანკების დასახლების ტერიტორიაზე მიწის მფლობელებთან წინასწარი შეთანხმების გარეშე დაწყებულია გზის მშენებლობა, რომელიც რამდენიმე მოსახლის საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე გადის“- აცხადებენ ორგანიზაციაში და აღნიშნავენ, რომ იმ მომენტიდან, როდესაც გოდერძის უღელტეხილის მიმდებარედ სათხილამურო კურორტის მშენებლობის ინიციატივა გამოცხადდა, ადგილობრივ მოსახლეობას არ აქვს მიწის საკარმიდამო ნაკვეთებისა და სახლების საკუთრებაში დარეგისტრირების შესაძლებლობა. რამდენიმე მიწის მფლობელმა მიმართა კიდეც საჯარო რეესტრის ადგილობრივ სამსახურს, თუმცა, მიწის რეგისტრაციაზე უარი მიიღო. მიზეზად კი, ის დასახელდა, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთები უკვე სახელმწიფოს საკუთრებაში იყო რეგისტრირებული.
„ადგილობრივი მოსახლეობის განმარტებით, მიწის ნაკვეთები მათთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა და ისინი წლების მანძილზე მხოლოდ ამ მიწებით ირჩენენ თავს. ასევე, მათ არ იციან რა სახის სამშენებლო სამუშაოები უნდა ჩატარდეს მათ მიწებზე, ვის შეეხება მშენებლობა და გათვალისწინებულია თუ არა კომპენსაცია“- აცხადებენ ორგანიზაციაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” იმედს გამოთქვამს, რომ გოდერძის უღელტეხილზე დაწყებული პროექტის წარმატებით განხორციელება ადგილობრივთა საკუთრების უფლების შელახვის ხარჯზე არ მოხდება.
„მიგვაჩნია, რომ ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაცია და მათი ინფორმირება მათ მფლობელობაში არსებულ ქონებასთან დაკავშირებით საწყის ეტაპზევე, არათუ სამუშაოების დაწყებამდე, პროექტის შედგენამდე უნდა ხდებოდეს. აუციელბელია, რომ მოსახლეობის კომპენსირების პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართოს, ამ პროცესში კი, სახელმწიფო ორგანოების როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა კომპენსირება იყოს რეალური და ყველასთვის გარანტირებული“- აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
