პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილის განმარტებით, მთავრობის საქმიანობის წესი არის ერთადერთი ნორმატიული აქტი, რომლის ინიცირების უფლება პარლამენტის წევრს არა აქვს.
ამის შესახებ კუბლაშვილმა დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილების დელეგირების საკითხის განხილვისას აღნიშნა.
„მთავრობის საქმიანობის წესი ერთადერთი ნორმატიული აქტია, კანონი რომელშიც ინიცირების უფლება პარლამენტის წევრს არ აქვს ანუ რომლის ინიცირებაც და წესების დადგენაც მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების პრეროგატივაა“ – განაცხადა კუბლაშვილმა.
პრემიერ-მინისტრს ბრძანებების გამოცემის და თვითმმართველობებთან ურთიერთობის უფლებების დელეგირების უფლება ექნება.
კანონმდებლობით, პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებებს შორისაა რეგიონული პოლიტიკის განხორციელებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან მთავრობის ურთიერთობისთვის კოორდინაციის გაწევა, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის – ბრძანების გამოცემა, მთავრობის კანცელარიის შენობაში სრული ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულება და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მთავრობის კანცელარიის მოხელეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური სახდელის დადების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.
ამიერიდან, პრემიერ-მინისტრს უფლება ეძლევა, რომ აღნიშნული შესაძლებლობები, მის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირებს გადასცეს.
