უკრაინაში საქართველოს ელჩი ქართველ სტუდენტებს შეხვდა
უკრაინაში საქართველოს ელჩი ქართველ სტუდენტებს შეხვდა
12:05 24.11.2017
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა უკრაინაში გელა დუმბაძემ კიევის სხვადასხვა წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მყოფ 100-მდე ქართველ სტუდენტთან შეხვედრა გამართა.

ელჩმა სტუდენტებს უკრაინაში საქართველოს საელჩოში უმასპინძლა. გელა დუმბაძემ ახალგაზრდა თანამემამულეებთან შეხვედრაზე საქართველო-უკრაინის ორმხრივ ურთიერთობებზე, თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა. ასევე მან სტუდენტებს გააცნო საელჩოს საქმიანობა, საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმა, მათ შორის განათლების სფეროში დაგეგმილი სიახლეები, ბიზნესის ხელშეწყობის მხრივ არსებული ინიციატივები, სტარტაპ საქართველოს პროექტი და სხვა პროგრამები, რომელიც ახალგაზრდებს დაეხმარება დაინტერესების შემთხვევაში მოახდინონ საკუთარი ბიზნეს იდეების რეალიზაცია.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ელჩმა ასევე ისაუბრა დიასპორასთან ურთიერთობის მიმართულებით საგარეო საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტებზე და გააცნო სტუდენტებს დიასპორული პროგრამები.

შეხვედრის დასასრულს ელჩმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა. მან გამოთქვა მზადყოფნა მსგავს ფორმატში რეგულარულად უმასპინძლოს სტუდენტებს საელჩოში, ასევე დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები, მათ შორის ხაზი გაესვა უკრაინაში საქართველოს წარმოჩენის საქმეში ქართველი სტუდენტების აქტიურად ჩართვის მნიშვნელობას.

ბეჭდვა