პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებით, მთავრობისთვის გარკვეული ავტონომიურობის მინიჭება არ ნიშნავს, რომ ის პასუხისმგებელი აღარ იქნება პარლამენტის წინაშე.
ამის შესახებ ბაქრაძემ დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პრემიერ-მინისტრისთვის უფლებების დელეგირების საკითხთან დაკავშირებით კანონპროექტის განხილვისას განაცხადა.
ბაქრაძის თქმით, მთავრობა პარლამენტის წინაშე პასუხისმგებელი რჩება.
„მთავრობას აქვს სრული პასუხისმგებლობა და შიდა მუშაობის წესის დადგენის უფლება. პრობლემას ვერ ვხედავ, თუ მას ექნება დისკრეცია თვითონ გადაწყვიტოს, როგორ შეასრულოს თავისი ამოცანები, ჰქონდეს გარკევეული ავტონომიურობა და მისი საქმეა დილით შეკრიბავს მინისტრებს, შუადღით თუ საღამოს. მთავარია, მთავრობა პასუხისმგებელი იქნება პარლამენტის წინაშე“ – მიაჩნია პარლამენტის თავმჯდომარეს.
მისი თქმით, კანონპროექტის ინტერპრეტაცია არა მარტო ოპოზიციის წევრების, ასევე, რამდენიმე მედიასაშუალების მხრიდანაც მოხდა.
„ნუ შევეცდებით დრამატიზებას იმისა, რაც სინამდვილეში უბრალოდ მთავრობის მუშაობის ორგანიზაციული საკითხია, არანაირი უფლებამოსილებების ზრდა ნამდვილად არ ხდება“ - განაცხადა ბაქრაძემ.
კანონმდებლობით, პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებებს შორისაა რეგიონული პოლიტიკის განხორციელებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან მთავრობის ურთიერთობისთვის კოორდინაციის გაწევა, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის – ბრძანების გამოცემა, მთავრობის კანცელარიის შენობაში სრული ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულება და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მთავრობის კანცელარიის მოხელეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური სახდელის დადების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.
დღეს მიღებული ცვლილებით, პრემიერ-მინისტრს უფლება მიეცა, აღნიშნული შესაძლებლობები, მის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირებს გადასცეს.
