„ქართულ ოცნებას“ გორის მუნიციპალიტეტმა მთავარ მოედანზე აქციის ჩატარებაზე უარი უთხრა
„ქართულ ოცნებას“ გორის მუნიციპალიტეტმა მთავარ მოედანზე აქციის ჩატარებაზე უარი უთხრა
14:04 05.07.2012
კოალიცია „ქართულ ოცნებას“ გორის მუნიციპალიტეტმა აქციის მთავარ მოედანზე გამართვის ნებართვა არ მისცა.
როგორც „ნიუსპრესს“ კოალიციის გორის რაიონული ოფისის ხელმძღვანელმა თამაზ შიოშვილმა განუცხადა, მუნიციპალიტეტში გორის მთავარი მოედანი სატრანსპორტო კვანძად მიიჩნიეს და უარის მიზეზად სწორედ ეს დაასახელეს.
„გვითხრეს, რომ ეს არის ცენტრი, საკომუნიკაციო და სატრანსპორტო კვანძი და აქედან გამომდინარე, უარი გვითხრეს“- განუცხადა „ნიუსპრესს“ შიოშვილმა.
მისივე თქმით, კოალიციამ განაცხადი აქციის ალტერნატიულ ადგილზე ჩატარების შესახებ, გორის მუნიციპალიტეტში დღეს დილითვე შეიტანა.
„ჩვენ დღეს დილითვე შევიტანეთ განაცხადი ალტერნატიულ ადგილზე - კომბინატის დასახლებაში, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის ჩატარებაზე და ალბათ, ხვალ საღამომდე გვაცნობებენ პასუხს“- აღნიშნა შიოშვილმა.
კოალიცია „ქართული ოცნება“ გორში აქციის გამართვას 15 ივლისს გეგმავს.

ბეჭდვა