უკრაინაში საქართველოს ელჩი გელა დუმბაძე უკრაინიდან რამდენიმე ქართველის
დეპორტაციას ეხმაურება.
როგორც ელჩი აცხადებს, ხვალ ის ქვეყნის საზღვრის უფროსსა და საემიგრაციო სამსახურის უფროსს შეხვდება, სადაც საკითხი დეტალურად იქნება განხილული.
მისივე განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ნოტა გაიგზავნა.
„მინდა რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ იცოდეს, რომ კიევში საქართველოს საელჩო აკეთებს მომენტალურ რეაგირებას ყველა მსგავს შემთხვევაზე. უკრაინის მხარემ განაცხადა, რომ ამ მოქალაქეების საქმიანობა ეწინააღმდეგებოდა უკრაინის უსაფრთხოების, ეროვნული ინტერესებს და ამით აიხსნა ინფორმაციის ნაკლებობა ამ საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენ გვქონდა უწყვეტი კომუნიკაცია ყველა შესაბამის უწყებასთან, იმ მომენტიდან, როცა ამის თაობაზე ინფორმაცია მივიღეთ. ცალკე გავაგზავნეთ ნოტა საგარეო საქმეთა სამინიტროში. ხვალ პრემიერ-მინისტრის დავალებით შედგება ჩემი შეხვედრა ქვეყნის საზღვრის უფროსსა და საემიგრაციო სამსახურის უფროსთან, სადაც ეს საქმეები დეტალურად იქნება განხილული. ყველა ქვეყანას აქვს უფლება სხვადასხვა ფორმით გამოხატოს თავისი გადაწყვეტილება. ეს არის უკრინის შიდა საქმიანობა.
აქ არის სხვადასხვა ფორმულირება, შეიძლება მეტ-ნაკლებად ასახავდეს ამ სიტუაციას. კონკრეტულად ხაზგასმას ამ პიროვნებებთან დაკავშირებით, რომ ისინი ამა თუ იმ კავშირში იყვნენ საქართველოს ექსპრეზიდენტთან და მის პოლიტიკურ საქმიანობასთან, ამას მოცემულ ეტაპზე ადგილი არ აქვს,“-განაცხადა გელა დუმბაძემ „რუსთავი 2“-თან საუბრისას.
საქართველოს 8 მოქალაქე რამდენიმე დღის წინ დაადეპორტეს. უკრაინული მხარის განარტებით, მათი საქმიანობა ქვეყნის ეროვნული ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა.
